მთავარი

შტეფან ცვაიგი „უცნობი ქალის წერილები“

დატოვე კომენტარი


Stefan Zweig თუ 2-3 თავისუფალი საათი გაქვთ და არც იცით, რაში დახარჯოთ, შეგიძლიათ „უცნობი ქალის წერილებo” წაიკითხოთ. ეს პაწაწინა რომანი თითქმის ყველა საიტზე დევს და მისი მიგნება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.
თუ თქვენ რომანტიკოსი მოზარდი ბრძანდებით, თანაც შეყვარებული, ან სიყვარულის მაძიებელი, ეს წიგნი ზედგამოჭრილია იმისთივის, რომ ცრემლი ღვაროთ და ნამდვილი სიყვარულის არსებობისა ირწმუნოთ.

ხოლო თუ უკვე ასაკი საშუალებას აღარ გაძლევთ ბრმად შეყვარებული ქალბატონის ჭირ-ვარამი გაიზიაროთ, ალბათ, დიდად არ მოიხიბლებით. თუმცა, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მომბაძოთ და წაიკითხოთ არა შეყვარებული ქალის, არამედ ცვაიგის მონათხრობი. რომელიც, მიუხედავად ესოდენ ღრმა პათოსისა, ხარისხიანი ნაწარმოებია და ზედმეტი ნამდვილად არასოდეს იქნება.

“უცნობი ქალის წერილებში“ ასახულია შეყვარებული ქალბატონის ტრაგიკული ისტორია. მას ბავშვობიდან უყვარდა ერთი მამაკაცი, რომელიც ვერც კი ამჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების გარკვეულ ფაზებში მათ ჰქონდათ სექსუალური კავშირი, მამაკაცი ვერაფრით იხსენებდა, რომ ეს ქალბატონი მისთვის ნაცნობი იყო და ჯერ კიდევ სულ პაწაწინა გოგონა, გამუდმებით მის ირგვლივ ტრიალებდა. ცვაიგი ამ მოვლენას შემდეგი სიტყვებით ხსნის: „გოგონას ან ქალის სახე მამაკაცის თვალში – ეს არის რაღაც უსასრულოდ ცვალებადი, ვინაიდან იგი ხშირად მარტოოდენ სარკეს წარმოადგენს, რომელშიც ხან ვნება, ხან ბავშვური გულუბრყვილობა, ხან კი დაღლილობა გამოჩნდება ხოლმე. ამიტომ მამაკაცმა ადვილად შეიძლება ქალის სახე ვერ შეიცნოს.“
შეყვარებული ქალის სიყვარულის სიმბოლოს თეთრი ვარდები წარმოადგენდა, რომელსაც ის ყოველ დაბადების დღეს უგზავნიდა თავის ერთადერთ სიყვარულს.
თეთრი ვარდებითა და, ვიტყოდი, გადაჭარბებული სიყვარულით სავსე რომანი ცალმხრივი იყო ყოველთვის და ასეთივე სახე შეინარჩუნა.

ის, რაც შობამდე ვერცერთმა ვერ ვთქვით (ბაბუს)

4 Comments


(ასი სიტყვა)

8692902737_77dc998b07_zსოფელს შენს უბეში გამოზრდილი  კნუტების სუნი ასდის. გასაჩუქებლად  მათ ვერასოდეს იმეტებ და შენს წილ მჭადსა და რძეს უყოფ (თანაბრად). ხალხს რომ ჰკითხო – „რას არ აიჩემებს მოხუცი“-ო.

 

შობის ღამეა.

შენ წახვედი. (წერილი მოვიდა).

უბრალოდ. მარტივად.

 

შენს საფლავზე  ჩამოსულს, ტალახში შეზელილი თოვლიანი ეზო და სიცივეში გადაცმული სოფელი დამხვდა. (რას გაუგებ იმერულ ზამთარს, როცა გგონია “გზა გაიგნო”-ო, მეზობლის ჭირვეული ბავშვივით, კარს მოგეტმასნება). მშიერი კნუტები ფეხებში მედება. ახლაღა ვხვდები,  ყველა წითურია (როგორც მე). ზამთრის უჩემო დღეებს გითბობდნენ…

ვტოვებ შენს დაქვრივებულ სახლს. ერთი ხელით საფლავის მიწა მომაქვს, მეორეთი კი – შენი ვერდამალული სიყვარული – პატარა კნუტი მომყავს. შენ ახლა ჩემი ორივე ხელი ხარ. ჩემს ხელისგულებში შეგუბებული ტკივილი.

ერთი უმნიშვნელო ეპიზოდი პოეტის ცხოვრებიდან

2 Comments


61982_452851161438641_847021951_n

“მე ვფიქრობ იმაზე, რომ სახლში თითქმის აღარაფერი გვაქვს.”
(კარლო კაჭარავა)

გუშინ, დილით, სანაპიროზე, დედაჩემს შევხვდი.
მე, როგორც ყოველთვის, რომელიღაც სამიკიტნოდან მოვდიოდი,
ღამენათევი და გალეშილი, უწესო და უსაქციელო.
ის, როგორც არასდროს, მშრალი ხიდისკენ მიდიოდა,
ღამენათევი და თვალცრემლიანი, გამხდარი და წელში მოხრილი.
ხეს მოვეფარე (ვერ შემნიშნა) და დიდხანს,
დიდხანს ვუცქირე კვალში, შუშის თვალებით,
ვიდრე ხიდის ქვეშ, მადათოვივით არ გაქრა, პატარა დედაჩემი.

შუადღისკენ, სახლში დაბრუნებულს,
საგრძნობლად შეთხელებული წიგნების თარო მომხვდა თვალში.
ხოლო საღამოს, დედამ ხორციანი კერძი გააკეთა.

უარი ვერ ვთქვი, თუმცა, ჭამა კი გამიძნელდა –
ასე მეგონა, ჩემს საყვარელ ავტორებს ვჭამდი:
ჰესეს, დრაიზერს, ჰემინგუეის…
და რაღაც მომენტში, კი არ მივხვდი, არამედ ვიგრძენი,
რომ უბედურება სულაც არ არის წიგნებით საზრდოობა,
წიგნებით, რომლებსაც შეუძლიათ,
ერთხანს სულიერად გამოგკვებონ, მერე კი,
თუ საჭიროებამ მოითხოვა – ფიზიკურადაც…
უბედურება ის არის, რომ ჭილაძის მერე სულერთი გახდა,
თუ ვის შევჭამდი.

<გიო საჯაია>

1+1= ხელშეუხებელნი

დატოვე კომენტარი


kinopoisk.ruფილმი, რომელზედაც ახლა გიამბობთ, ფრანგულია და მისი ორიგინალი სათაური გახლავთ “ხელშეუხებელნი” (The Intouchables), მაგრამ პირადად მე მისი მეორე სახელწოდება (1+1) უფრო მომწონს, რადგანაც ფილმი სწორედ 2 ადამიანზეა და იმაზე თუ რა ამაღელვებელი შედეგი მოჰყვება ხოლმე 2 ადამიანის ჯამს. J

ისტორია, რომელიც ფილმში ვითარდება, დაფუძნებულია რეალურ ამბავზე და მოგვითხრობს მდიდარი ფილიპისა და მისი დამხმარე დრისის (აბელი) ურთიერთობებზე. ფილიპი მაღალი წრის წარმომადგენელი, დახვეწილი, განათლებული პიროვნებაა, კლასიკური მუსიკის დიდი მოყვარული, რომელიც ეტლსაა მიჯაჭვული, ხოლო დრისი ყოფილი პატიმარი ღარიბი უბნიდან, საყურით მარცხენა ყურზე, საეჭვო წარმომავლობის შავკანიანი ახლგაზრდაა, რომლისთვისაც “მუსიკა, რომელზედაც ცეკვას ვერ შეძლებ, მუსიკა არ არის”.

ფილმს 2 რეჟისორი ჰყავს, ერიკ ტოლედანო (Eric Toledano) და ოლივიე ნაკაში (Olivier Nakache), ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ ფრანსუა კლუზე (François Cluzet) და ომარ საი (Omar Sy). ფილმი, დაწყების პირველივე წუთებიდან, გულგრილს ვერ დატოვებს მაყურებელს და ეს დიდწილად განპირობებულია საოცარი მუსიკით, რომელთა ავტორი ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი ლუდოვიკო ეინაუდი (Ludovico Einaudi) გახლავთ. http://www.youtube.com/watch?v=E4qyIQAsm74

პოსტის დასასრულს გთავაზობთ მოკლე დიალოგს ფილმიდან

“–მითხარით, დრის, თქვენი აზრით ხალხს ხელოვნება რატომ იზიდავს?

–ალბათ, ფულის გამო.

–არა, ეს ერთადერთია, რაც დედამიწაზე თავის კვალს ტოვებს “

და გეტყვით იმას, რომ “ხელშეუხებელნი” ნამდვილად არის ის ფილმი, რომელიც თავის კვალს ტოვებს.

<მეგობარი მკითხველისგან>

1 მაისი – დაიცავი შენი შრომის უფლება!

დატოვე კომენტარი


17898_279278448874622_48954205_n

მოდი ოთხშაბათს, პირველ მაისს, თსუ-ს პირველ კორპუსთან და დაიცავი შენი შრომის უფლება. (ღონისძიების ლინკი)

თომას მანი ‘’ბედნიერება’’

დატოვე კომენტარი


RGonsalves_The_Dancing_Windთომას მანის პატარა მოთხრობა „ბედნიერება’’ ბარონი ჰარისა და მისი მეუღლის, ანას ურთიერთობაზე მოგვითხრობს.

ეს ერთი მდიდრული თავგადასავალია, სადაც ეთიკის ნორმებს მიღმა ამოფარებუი გარყვნილება ზეიმობს. ბარონი თავის მეგობრებთან ერთად ერთობა მეჯლისებზე და თავს ყველაფრის უფლებას აძლევს, თანაც, მეუღლის თანდასწრებით.

ის დაუფარავად ეკეკლუცება „ვენის მერცხლებს“, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან მორჩილი და მორიდებული ანასგან. ანა მარტოსული და წყნარია. ის განმარტოებით გაიზარდა და ჯერაც ვერ ეთვისება მაღალი საზოგადოების ცხოვრების წესებს. თუმცა კი, სიგიჟემდე უყვარს ქმარი. ერთი შეხედვით, მას ყველაფრის ატანა შეუძლია, ისევე, როგორც დანარჩენი ბარონების მეუღლეებს. მას ევალება კიდეც, სხვა ქალებივით, გულგრილად უყუროს, როგორ ეფლირტავება მისი მეუღლე მსუბუქი ყოფაქცევის „მერცხლებს“, მაგრამ ანა სხვებს როდი ჰგავს. მის წყნარ ბუნებაში ძლიერი და ამაყი ქალი იმალება. ის, სხვებისგან განსვავებით, დაქორწინებულია არა სიმდიდრეზე, არამედ საყვარელ კაცზე. სწორედ ამიტომ, ანა ვერ აპატიებს ჰარის ერთ-ერთ „მერცხალთან“ ურთიერთობას და დემონსტრირებულად დატოვეს სამეჯლისო დარბაზს. მაშინ ანას ცნობიერებაში „წამიერად და მაცდურად დაუახლოვდა ერთმანეთს ის ორი სამყარო, რომელთა შორის ხან აქეთ, ხან იქით, ამაოდ რონინებს ჩვენი ოცნება“.

ეს ნამდვილი განხეთქილებაა. ეს პროტესტია. სუსტი, დაუცველი, პროვინციელი ქალი – დადგენილი ნორმების წინააღმდეგ ილაშქრებს!

მამები

დატოვე კომენტარი


ქეთო სიხარულიძე

522209_351753868221538_964603070_n

მამ, დღეს ბაბუა დაიბადა…
ძნელია ვიცი,
ძალიან ძნელი, შეურიგდეს კაცი განაჩენს;
ტუჩის მოკვნეტაც სულერთდება და გვიანდება,-
დროა დგებოდე, თოვლს კვალავდე, თხრიდე საფლავებს…
და ყოველ ღამე, როცა ყველა მიდის ჩვენიდან,
ცხვირწინ კეტავენ საკუთარ თავს სველი ფანჯრები,-
დგახარ კუბოსთან და სიცოცხლე გეცოტავება,
მით უფრო, როცა სიკვდილია ნაუცბათევი
კარში შემთხვევით მოყოლილი თითებივით და
გიჭირს, გაიგო ბედი კეტავს გზას თუ ქარბუქი…
მხრები ისედაც დამძიმებულს უფრო გეტყობა,
როცა დადგები შორიახლოს ან გვერდს ჩაუვლი
ბაბუას- თეთრი ზეწრებით და უჰაერობით
სულშეხუთულს და ვხვდები,გული ხელით გიჭირავს,
ძალაგამოცლილ მუჭში მალავ და სუნთქვას იღებ,
რომ არ დაგახრჩოს გალეწილმა დარდმა შიგნიდან…
გარეთ სუსხია; იანვარი გასცდა ჰორიზონტს,
ჩვენს უსინათლო ფანჯრებს უმზერს ღრენით,ძალუმად,
სახურავიდან (პოეტივით) თოვლი ეშვება
და ლუკმასავით წაგვართმევენ ვიცი ბაბუას
ნათესავები,
მეზობლები,
გზები,
მიწები
და თვითონ ღმერთიც…
გაიყოფენ, ალბათ, როგორღაც,
ჩვენ კი დავრჩებით დამშეული ძაღლებივით და
ბინძურ თოვლიდან იმ წაქცეულ სკამებს მოვბოჭავთ,
რომლებსაც გულზე დიდჯვრიანი კუბო ესვენათ…
და პროცესია ნადირივით საზღვრებს გაარღვევს
დიდი ნაბიჯით… დაგვტოვებს და დაიკარგება
და საკმაზივით დავუმატებთ მიწას საფლავებს…
ჯერ კი ხეები ჭირისუფლებს თავებს გვიხრიან
და შენ უბეში გველებივით დარდი გეზრდება…
ცაა სუყველგან, წუხელ ისე მაგრად მოთოვა
და დასასრულის აღარ უჩანს პირი თენებას…
მოდიან მღვდლები და სქელყდიანს ხსნიან ფსალმუნებს,
უცნობები კი ასკილივით თავებს აქნევენ,
ჩვენთან მოდიან ის ქალებიც ეკლესიიდან
და მოჭირხლული სახეებით ღამეს ათევენ.
შენ კი აგდიხარ წასაღები ტვირთივით, სადღაც,
სადღაც კუთხეში… სასწაული ხდება ტეხილი,
ისეთი მრუდი, გაწყვეტილი, უთავბოლო და
ხის ტოტებივით ერთმანეთში გადაგრეხილი,
საზღვრების მიღმა… ეგუები თითქოს განაჩენს
და შეშუპებულ სარქველებში სისხლი დედდება
ერთი შეხედვით, ნაფაზებით… და რა იციან
გადაყლაპული ცრემლის ფასი ხშირად დედებმა…
წუხელ ციოდა. დილით ღმერთი თოვლად მოვიდა
და სიმინდივით მუჭა-მუჭა ფშვნიდა სიბნელეს;
დგახარ ფანჯრებთან და ზეცამდე ზომავ ჰორიზონტს
წლებია, მამ, შენ მამა ხარ და მამას იხსენებ…

Older Entries

Jango

მინიმუმი, რაც წაკითხული უნდა გქონდეს!

redheaded-creep

♥ music is the strongest form of magic ♥

Bookland

they rock my world

info mania news

შემოდი საქართველოში ყველაზე წარმატებულ და მხიარულ ბლოგზე. გახდი ჩვენი მკითხველი და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!

Just a Human Being

Welcome To My Humanity

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

''coffee & chocolate''

როდესაც შენს სულს შევიცნობ, თვალებს მაშინ დავხატავ:)

ვივიენ

Just another WordPress.com site

სალობალოს ბლოგი :)

"ჩემი აზრით ადამიანი მთელი სამყაროა, ზოგჯერ ყოველგვარ სხვა სამყაროზე უკეთესიც”

Fish's Blog

Me and my Underwater univers..

პიროვნების ბლოგი

წარსულის რომანტიკა და ნეკროფილიის ზეიმი: სპარსეთის მთებში ტელეფონი --- გეოგრაფიული ანაქრონიზმი... .

dulsinia

This WordPress.com site is the cat’s pajamas

blognote

natia121's blog

powdroppingJigsaw();

ყველაფერი შეიძლება მოხდეს

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

თქვენი ბლოგი

Ketusi's Blog

take it easy,it's just life

სოციოლოგის დღიურები

სოფლის სოციოლოგთა კლუბი

Paradise

I'M NOT WOMAN, I'M JANNE D'ARC

iberieli's blog

Just another WordPress.com site

%d bloggers like this: