ზამთრის ერთ სუსხიან ღამეს ქალბატონმა ლუმ მესიჯის სახით გამოგვიგზავნა პაწაწინა ლექსი და ე.წ. შემოქმედებით დუელში გამოგვწვია. როგორც შემდეგ აღმოვაჩინეთ ეს ულამაზესი ლექსი რატი ამაღლობელს ეკუთვნის. პასუხები კი პირადად ჩვენი ინტერპრეტირებაა, ჩვენი, ანუ ჩემი, ქეთის და გვასი. 🙂

ლუ… (რატი ამაღლობელისგან)
მინდა თოვდეს, ვქსოვდე წინდას
ბედი მქონდეს, თოვდეს მინდა…
მინდა ოდენ, მეჯდე წინ და
შენ ლექსს ქსოვდე _ მე კი წინდას…

პასუხი ჩემგან
თოვლისფერი სურვილები…
ცეცხლი _ ბუხრის გალიაში…
ცხელი ყავის ოხშივარი…
ნაზამთრალი ხვადიაში.
ლამაზია ყველაფერი
პირველ ფიფქზე უფრო წმინდა.
შენ ლექსებით გაგაბრუებ,
მე გამათბობს შენი წინდა…

პასუხი ქ-სგან
მინდა ვიჯდე ბუხრის წინ და
თან ვპენტავდე შენზე რითმას
ფანჯრის მინებს ეკრას ყინვა
და ხატავდეს ჩვენს ნათითარს…
მახურავდე საბანს ფრთხილად,
გვქონდეს სითბო, თოვდეს მინდა
ოღონდ ჩემთვის ადრე დილას,
დგებოდე და ქსოვდე წინდას…

პასუხი გვ.-სგან
ლექსის წერა რომ დავიწყე
იმ საღამოს, მახსოვს, წვიმდა
მინდოდა რომ გამომეთქვა,
რაღაც უცხო, რაღაც წმინდა…
დღეს ვიცი: თუ მომავალში
წარსულივით გამიწვიმდა
მაინც დავწერ, თუ მეტყვი რომ
მეც მომიქსოვ ორ თბილ წინდას…

Advertisements