ზოგნი აუცილებლობის გამო სცდებიან გზას, ვინაიდან მათთვის სწორი გზა საერთოდ არ არსებობს.
თომას მანი.

ორი დღის წინ თომას მანის ”ტონიო კროგერი” წავიკითხე. ვფიქრობ, საოცარი ნაწარმოებია. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ტონიოს საუბარმა მხატვარ ქალთან: ,,მართალი, ჯანსაღი, წესიერი ადამიანები საერთოდ არ ქმნიან, არ წერენ მუსიკას. ” – ამბობდა კროგერი.
არ ვიცი რა ვიფიქრო, ბოლოს ყოველთვის იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ჩვენი ცხოვრება პარადოქსია და მეტი არაფერი. დარწმუნებული ვარ, როცა იმდენი რამ მეცოდინება, რომ ახლა მხოლოდ ოცნებას წარმოადგენს, როცა ვსრულყოფ საკუთარ თავს ჩემში, ჩამოვიყალიბებ გემოვნებას და თითოეულ სიტყვას ჩემი ”დახვეწილი” გონების წისქვილში დავფქვავ, მივხვდები, რომ ფუჭია ყველაფერი. მივხვდები, რომ უბრალო გლეხი, რომელიც ცრურწმენებსა და სასწაულებზე დაყრდნობით ცხოვრობს და არასოდეს წაუკითხავს შექსპირი, გოეთე, ბალზაკი, დოსტოევსკი, ჩემზე ბედნიერია, ჩემზე მშვიდი გამომეტყველება აქვს, ჩემზე მეტად სწამს ღმერთის და ჩემზე მეტად უყვარს ადამიანები. გმირია თავისი კეთილი გულითა და გულუბრყვილო ფიქრებით და საოცრად გემრიელია მისი მოყვანილი მჭადი თავისი ბოჩოლას რძესთან ერთად…
ჩემი აზრით სწორედ ასეთი ადამიანები წარმოადგენენ კაცობრიობის სიმდიდრეს. მათი მზით დამწვარი მკლავები და ყინულით გათოშილი ფეხები არც მოითხოვს ისეთ მდაბიო ფუფუნებას, რომლითაც მდიდრები ტკბებიან.
ვიცი, ოდესმე დავრწმუნდები, რომ არავინაა უბრალო, სიცოცხლით სავსე ადამიანზე ბრძენი და გონიერი. მაგრამ, სამწუხაროდ ვეღარასდროს შევძლებ ამ დიდებული თავისუფლებით ტკბობას, რადგან უამრავი აზრისა და იდეის ტყვე გავხდები.

ახლა კი, როცა თავისუფლების პოვნის სურვილის მონა ვარ, მხოლოდ ერთი მონაკვეთი მახსენდება ბატონი მალხაზ მაცაბერიზის ლექციიდან:
_მარჯვნის წახვალ, თავში ჩაგცხებენ, მარცხნივ წახვალ, თავში ჩაგცხებენ, წინ წახვალ, თავში ჩაგცხებენ, უკან წახვალ, თავში ჩაგცხებენ.
_ადგილზე გავჩერდეთ – წამოიძახა ერთერთმა კრეატიულმა სტუდენტმა.
_ახლავე ჩაგცხებენ!

Advertisements