რეჟისორ რობერტ ზემეკისის 1994 წლის ფილმი.მონაწილეობენ ტომ ჰენქსი, გარი სინიზი, მიკელტი უილიამსონი, რობინ რაიტ პენი. იგი ეფუძნება უინსტრონ გრუმის ამავე სახელწოდების რომანს და მოგვითხრობს მთავარი გმირის, ფორესტ გამპის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე. ფილმმა არაერთი ჯილდო მიიღო, რამაც ხაზი გაუსვა მასზე მთელ მსოფლიოში რეაქციას.
შეუძლებელია მაყურებელი არ აღაფრთოვანოს ფორესტ გამპის გულუბრყვილო და კეთილშობილმა ბუნებამ. მას დაბალი გონებრივი შესაძლებლობების გამო სკოლაშიც კი არ ღებულობდნენ და ერთი შეხედვით ფორესტი მართლაც სულელი ბიჭია, მაგრამ ამავე დროს ის საოცარ ნიჭს ავლენს ნებისმიერ სფეროში, სადაც მოხვდება.

მის ცხოვრებაში გარდატეხის ეტაპი ის დღე იყო, როცა სკოლის ავტობუსში ჯენის შეხვდა. ჯენი ყველაზე ლამაზი გოგონა იყო, ყველაზე ლამაზი ხმით. ამასთან ის ფორესტისათვის სტიმულს წარმოადგენდა, თუმცა გმირობისკენ არასდროს მოუწოდებდა. ერთადერთი რასაც ჯენი ფორესტს ყოველთვის ეუბნებოდა იყო: ,,გაიქეცი ფორესტ, გაიქეცი!” და ფორესტიც მირბოდა და მირბოდა. მთელი ცხოვრება ჯენის მიერ ნაკარნახევ გზას მიჰყვებოდა და უცნაური ისაა, რომ გაქცევით ლაჩარი კი არა, გმირი ხდებოდა.


ის ცნობილი ფეხბურთელიც გახდა, ბეისბოლის გუნდის წევრიც და მაგიდის ჩოგბურთისადმი მიდრეკილებასაც ავლენს, რითაც ჩინეთშიც კი მოგზაურობს. როგორც ომის ვეტერანი, ის ხვდება რიჩარდ ნიქსონს, აშშ-ს ახალ პრეზიდენტს. მოგვიანებით ნიუ იორკში მონაწილეობს ტელეგადაცემაში, ჯონ ლენონთან ერთად.
ფორესტისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ვიეტნამის ომში გამგზავრება, სადაც მან გაიჩინა საუკეთესო მეგობარი ბაბა.

სამწუხაროდ, ფორესტი ვერ შეძლებს ომში ბაბას გადარჩენას, მაგრამ სხვა მეომრებთან ერთად ის სიცოცხლეს ჩუქნის ლეიტენანტ დენ ტეილორს, რომელიც სულაც არაა მადლიერი, რადგან ორივე ფეხები დაკარგა და ნაცვლად გმირისა, ჩვეულებრივი მაწანწალა ხდება.
მაგრამ ფორესტი ბაბას პატივსაცემად გემს ყიდულობს და კიბორჩხალების ბიზნესს იწყებს, სადაც მისი პარტნიორი თავად ლეიტენანტია. ისინი გამდიდრდებიან და ბაბას ოჯახსაც დაეხმარებიან.ამის შემდეგ ფორესტი თავის მშობლიურ ქალაქ გრინბოუში ბრუნდება, რადგან მისი დედა კიბოს გამო თითქმის სიკვდილის პირას არის.მისი გარდაცვალების შემდეგ კი ის მთელ დღეებს ბალახის კრეჭაში ატარებს.
ფორესტისგან განსხვავებით, ჯენი ჰიპურ ცხოვებას მისდევდა. მოგზაურობა, ნარკოტიკი, მუსიკა, ხეტიალი, უამრავი სექსუალური პარტნიორი მისი სტილი იყო. თუმცა მას არასდროს დავიწყებია ფორესტი… ფორესტი კი ჯენიზე სამუდამოდ იყო შეყვარებული.

ამ ფილმის ყურებისას თქვენ დაინახავთ როგორია არარსებული ერთგულება და უანგარო სიყვარული. ცხოვრების გარკვეულ პერიოდებში ის კვლავ ხვდებოდა ჯენის, მაგრამ არასდროს დგებოდა დღე, როცა ჯენი მოვიდოდა და სამუდამოდ დარჩებოდა. გამპი კი ამაზე ოცნებობდა… ნამდვილად ღირს ნახოთ, მოხდება თუ არა მის ცხოვრებაში ეს სასწაული!

Advertisements