A beautiful mind
რეჟისორ რონ ჰოვარდის ფილმი,რომელიც გარკვეულწილად ბიოგრაფიულია და ის ჯონ ნეშის ცხოვრების დეტალებზე მოგვითხრობს. ჯონ ნეში 1928 წლის 13 ივნისს დაიბადა აშშ-ში. ის ბავშვობიდან გამოირჩეოდა და შეუმჩნეველი არავის რჩებოდა ნეშის განსაკუთრებული ინტელექტუალური მონაცემები. მან მოიპოვა ,,ვესტინგჰაუსის” სტიპენდია და სწავლა კარგენის სამეცნიერო ინსტიტუტში განაგრძო, საიდანაც ნეში ჰარვარდში ჩაირიცხა, ხოლო შემდეგ პრისტონის უნივერსიტეტში გადავიდა. მან სწორედ აქ ჩამოაყალიბა ,,წონასწორობის თეორია”.

1957 წელს ნეშმა თავის სტუდენტზე, ალისია ლარდეზე იქორწინა. ამ პერიოდიდან მისი პრობლემებიც დაიწყო.ის ხშირად უჩინარდებოდა და შინ არ ბრუნდებოდა.ამტკიცებდა, რომ ყველა ადამიანი, რომელთაც წითელი ჰალსტუხი ეკეთა, საიდუმლო კომუნისტური ორგანიზაციის წევრი იყო და მის მოკვლას ცდილობდა. მისი აზრით უცხოპლანეტელები შეტყობინებებს უგზავნიდნენ , რომლებიც ჟურნალ New York Times-ში იყო დაშიფრული.

ამიტომ ნეში 9 წლის განმავლობაში მკურნალობდა სახელმწიფო კლინიკაში. გამოწერის შემდეგ კი მან რეაბილიტაცია სახლში განაგრძო, თუმცა წამლების მიღება ფარულად შეწყვიტა, რადგან თვლიდა, რომ ისინი ხელს უშლიდნენ მუშაობაში. მართალია ჯონ ნეშს ჰალუცინაციები კვლავ განუახლდა, თუმცა მან მტკიცედ გადაწყვიტა თავად შებრძოლებოდა ამ დაავადებას. ასეც მოხდა, ნეში იგნორირებას უკეთებდა მოჩვენებებს, რომლებიც მის ტვინში სახლობდნენ და ჩვეული ცხოვრების რიტმს უბრუნდებოდა.

სწორედ ამ პერიოდში ჯონ ნეშის თეორია მეცნიერთა ყურადღების საგნად იქცა, რადგან მან გამოყენება ჰპოვა გლობალურ და მიკროეკონომიკაში. ამიტომ მას 1994 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ეკონომიკის დარგში. ის დღემდე ხელმძღვენელობს პრისტონის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტს.

ფილმში ჯონ ნეშის როლს რასელ ქროუ ასრულებს. აგრეთვე მონაწილეობენ ედ ჰარისი, ჯენიფერ ქონელი, კრისტოფერ პლამერი. ის 2001 წლის დეკემბერში გამოვიდა და იმთავითვე მიიპყრო უამრავი ადამიანის ყურადღება. ალბათ ხვდებით, რა ამაღელვებელია ნამდვილი გენიოსის ასეთი სულიერი სიძლიერე, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, შიზოფრენიას ებრძვის. მისი საშუალებით მაყურებელი კიდევ ერთხელ რწმუნდება გონების უდიდეს შესაძლებლობებში. რა თქმა უნდა, გარკვეული დეტალები ფილმში შეცვლილია. მისი მიხედვით, ჯონ ნეშს ძირითადად მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ელანდებოდა და ისინი სიცოცხლის ბოლომდე თან დაყვებოდნენ მას.

დარწმუნებული ვარ, ყველას აღაფრთოვანებს მისი მეუღლის, ალისიას პერსონაჟი. ის არა მარტო მშვენიერი ქალი, არამედ უძლიერესი პიროვნებაა. ის ყოველთვის მხარში უდგას მეუღლეს და მიუხედავად იმისა, რომ შიზოფრენიკთან ცხოვრებით ხშირად საკუთარი და ბავშვის სიცოცხლეც საფრთხეში ჩაიგდო, მაინც არასოდეს მიუტოვებია ნეში და რაც ყველაზე მთავარია, ირწმუნა ყველაზე დაუჯერებელი სასწაული – ის, რომ ნეში ამ დაავადებას საკუთარი გონებით დაძლევდა. ალისია არც შემცდარა, რადგან ნეშმა ამ სასწაულს ხორცი შეასხა.
დასასრულ კი ვიტყვი მხოლოდ ერთს, თუ ეს ფილმი ჯერ კიდევ არ გინახავთ, აუცილებლად, აუცილებლად ნახეთ! მერწმუნეთ, მისთვის ,,დაკარგული” 2 საათი უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ინფორმაცია ჯონ ნეშის შესახებ http://en.wikipedia.org/wiki/John_Forbes_Nash,_Jr.