პირველ რიგში, მინდა დავწერო ჯეკ ლონდონის ,,მარტინ იდენზე’’. ვაღიარებ, ის არაა წიგნი, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან ყველაზე კარგია, რაც აქამდე წამიკითხავს, თუმცა რატომ მაინც და მაინც ,,მარტინ იდენი” და არა სხვა? – იმიტომ, რომ ეს იყო წიგნი, რომელმაც კითხვა შემაყვარა. მახსოვს, იმ ზაფხულს მთელი დღეები მარტინზე ვფიქრობდი და ის იყო ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე კარგი მაგალითი. მაშინ საკუთარ თავს სწორედ ,,განათლებამდელ” მარტინ იდენთან ვაიგივებდი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ალბათ არც მასსავით მოუხეშავი ვიყავი და ასე თუ ისე, მე, იმერულ ოჯახში გაზრდილ გოგონას, არც ზრდილობაში დამედებოდა წუნი.  მაგრამ ერთი კია, მასსავით გაუნათლებელს, რომ არა ეს სასწაულმოქმედი წიგნი, შეიძლება სურვილიც არ გამჩენოდა, რომ მომავალში, თავისუფალი დრო თუ ძილისწინა რამდენიმე წუთი კითხვისთვის დამეთმო და არა სხვა, ,,უფრო საინტერესო” გასართობისთვის.
იმ ზაფხულს, როცა ,,მარტინ იდენი” წავიკითხე მე ერთადერთი მიზანი მქონდა – მინდოდა საკუთარი შესაძლებლობებით მეც მასსავით ჭკვიანი გავმხდარიყავი. რა თქმა უნდა, ეს ოცნება არ განხორციელდა, რადგან ის იმთავითვე განწირული იყო.  მაგრამ მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ და მივიჩნევ, რომ ეს წიგნი ერთ-ერთია იმ ნაწარმოებებიდან, რომელმაც შეუძლებელია ,,ოდნავ უკეთესი არ გაგხადოს, ვიდრე ხარ”. მე დანამდვილებით ვიცი, რომ ყველა 13-14 წლის გოგონას თუ ბიჭს, რომელიც წიგნების სამყაროში მოგზაურობას იწყებს, ვურჩევ, რომ პირველ რიგში სწორედ ჯეკ ლონდონის ,,მარტინ იდენი” წაიკითხოს.

რაც შეეხება წიგნის მოკლე შინაარსს და თავად ჯეკ ლონდონს: ის დაიბადა 1876 წლის 12 იანვარს, სან-ფრანცისკოში. ამერიკელი მწერალი ღარიბულ ოჯახში გაიზარდა. მამამისი მოხეტიალე ირლანდიელი იყო და ჯეკი შვილად არასოდეს უღიარებია. მან მიატოვა ჯეკის დედაც და სამუდამოდ გადაიკარგა. ჯეკი მამინაცვლის, ჯონ ლონდონის გვარს ატარებს, რომელიც ძალიან პატიოსანი და მშრომელი ადამიანი იყო, თუმცა მაინც უკიდურესად გაჭირვებული. დედის გარდაცვალების შემდეგ ჯეკს სწორედ ის უვლიდა თავის ორ მცირეწლოვან გოგონასთან ერთად. მთელი ახალგაზრდობა ჯეკ ლონდონისთვის, ეკონომიური პრობლემების წყალობით, ურთულესი გზა იყო. ის ეწეოდა ფიზიკურად მძიმე სამუშაოს სხვადასხვა ფაბრიკა-ქარხნებში, თუმცა ბოლოს მაინც მოხეტიალე მაწანწალად იქცა. მიუხედავად ასეთი ცხოვრებისა, ოცნებობდა წარმატებული მწერალი გამხდარიყო და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს 1899 წლის იანვარში სან-ფრანცისკოს ჟურნალმა “ოვერლენდ მანზლიმ” გამოაქვეყნა მისი პირველი ჩრდილოური მოთხრობა “მათთვის ვინც გზაშია”. ჯეკ ლონდონის ოცნება ახდა – ის ნამდვილი მწერალი გახდა.
,,მარტინ იდენი”, როგორც ამბობენ, ჯეკ ლონდონის ავტობიოგრაფიული წიგნია და მის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად ითვლება. აღმოჩნდა,რომ ჯეკ ლონდონს მარტნ იდენთან მხოლოდ წარსული არ აკავშირებდა. მან სიცოცხლე, წიგნის მთავარი პერსონაჟის მსგავსად, თვითმკვლელობით დაასრულა 1916 წლის 22 ნოემბერს.
მარტინ იდენი კი ერთი უბრალო მეზღვაური იყო, ღარიბი, გაუნათლებელი, უვიციც კი. მან არც მაღალ საზოგადოებაში დადგენილი ქცევის წესები იცოდა და რაც მთავარია,არც მათი შინაგანი ბუნება, რომელიც შემდგომ ასეთ დიდ პროტესტს იწვევდა მასში. შეიძლება ითქვას, რომ მარტინი ეპოქოს მსხვერპლი იყო, ანუ ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც საკუთარი შესაძებლობის რეალიზების საშუალება არ ჰქონდა, რადგან არსებობდნენ უფრო მდიდრები, უფრო ,,ცისფერსისხლიანები”, უფრო წარმოსადეგნი და ეს ყოველივე თავისთავად გულისხმობდა იმას, რომ ისინი გაცილებით ნიჭიერებიც იქნებოდნენ.
ბიძგი, რომლის წყალობითაც მარტინმა გადაწყვიტა ნამდვილი მწერალი გამხდარიყო, დიდი სიყვარული იყო, ამ სიყვარულის ობიექტი კი რუთი, არისტოკრატ ოჯახში აღზრდილი გოგონა, რომელიც მარტინ იდენის მეგობრის და იყო. მარტინს ერთადერთი სურვილი ამოძრავებდა – მას სურდა რუთის ღირსი გამხდარიყო. მან შეძლო კიდეც, რომ რუთისთვის თავი შეეყვარებინა, თუმცა ეს უფრო ახალგაზრდა გულის გატაცება აღმოჩნდა, ვიდრე ნამდვილი სიყვარული. ამიტომ რუთს ღრმად არ სწამდა მისი და მარტინისგან განსხვავებით, არც დიდი ნებისყოფით გამოირჩეოდა. მარტინი კი, წარმოუდგენელ მონდომებას იჩენდა. მიუხედავად იმისა, რომ მის მოთხრობებს გამუდმებით იწუნებდა ყველა გაზეთი, ფარხმალს არასოდეს ყრიდა. მას სწამდა სასწაულის, რადგან ის თავად იყო ნამდვილი სასწაული. ის სწავლობდა წარმოუდენლად ბევრს. ფულს, რომლითაც კვება უნდა უზრუნველყო, განათლებაში ხარჯავდა. ის თვითნასწავლ გენიოსად იქცა და მალე დიდი წარმატებაც მოიპოვა, თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი გვიანი იყო. მარტინს ამ დროისთვის აღარ სწამდა სიყვარულის და არც ხალხს ენდობოდა. ის ნაადრევად შეეჩეხა საზოგადოებაში არსებულ ყველა მანკიერებას და ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ მიხვდა, რომ მისი ადგილი დედამიწაზე უბრალოდ აღარ იყო. მარტინი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, თუმცა ის კმაყოფილი და თავისუფალია.

Advertisements