,,ძმები კარამაზოვები” თეოდორ დოსტოევსკის ბოლო რომანია და შესაბამისად, ამ ბუმბერაზი მწერლის შემოქმედებით კულმინაციას წარმოადგენს.მას დოსტოევსკი 2 წლის განმავლობაში წერდა. რომანი მეუღლეს, ანა გრიგორიევნა დოსტოევსკაიას ეძღვნება, რომელთანაც სიცოცხლის ბოლო წლები მშვიდად გაატარა და როგორც ვიცი, მისი სახით ნამდვილი სიყვარულიც იპოვა.
დიდი ხანია მინდოდა ,,ძმები კარამაზოვები” წამეკითხა და რადგან (საუბედუროდ) რუსულად ვერ ვკითხულობ, ეს სიამოვნება ,,კვირის პალიტრის” გამომცემლობამ მომანიჭა. პროექტში, ,,50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ”, ყველას საბედნიეროდ, დოსტოევსკის ,,ძმები კარამაზოვებიც” დაიბეჭდა და მართლაც, ეს ის წიგნია, რომლის წაკითხვის შანსი ხელიდან არავინ უნდა გაუშვას. მე არ დავიწყებ წიგნის ღირებულებაზე საუბარს, რადგან საკუთარ თავს ჯერ ვერ მივცემ უფლებას დოსტოევსკზე ასე გაბედულად ვიმსჯელო. როგორც დაგპირდით, მე ახლაც აბსოლუტურად სუბიექტური ვარ და არც ვაპირებ ამ გზას გადავუხვიო.
,,ძმებ კარამაზოვებს” დოსტოევსკიმ ეპიგრაფის სახით წაუმძღვარა შემდეგი სიტყვები იოანეს სახარებიდან : ,,თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება, ხოლო თუ მოკვდა, მრავალ ნაყოფს გამოიღებს.” მართლაც, ეს სიტყვები თითქოს მთელი წიგნის მომცველია და მე ვერ დავიჯერებ, რომ მკითხველი თუნდაც რამდენიმე წუთით არ ირწმუნებს ამ ყველაფერს.ნაწარმოების მთავარი გმირი მაინც ალიოშაა, რომელიც ,,ამქვეყნად დროზე ადრე მოსული კაცთმოყვარე ადამიანი იყო.” ის ბოლომდე ინარჩუნებს თავის ზე-ადამიანურ სახეს და ჩემი აზრით, თუ საერთოდ არსებობს იდეალურობა, ის ნამდვილად არის იდეალური. ბევრის აზრი ალიოშაზე არც მთლად სახარბიელოა. მოისმენთ შეფასებებს, სადაც ალიოშას არც მთლად ისეთ წმინდანად თვლიან, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა მე მასში არაფერი აღმომიჩენია, რაც ოდნავ მაინც დამაეჭვებდა ან უარყოფითად განმაწყობდა.
ალიოშას სულიერი მოძღვარი ბერი ზოსიმე იყო. ხალხში გავრცელებული ხმების მიხედვით ის ყველაზე დიდი წმინდანი იყო რუსეთში. ალიოშამ სწორედ მისგან ისწავლა ადამიანური ბუნების საოცარი ჭვრეტა და ამ ყველაფერს ყოველგვარი სირთულის გარეშე აკეთებდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ბერმა ზოსიმემ, პირველ რიგში ალიოშა ადამიანურ ბუნებასთან აზიარა და არა ღმერთთან. თავად ბერის რწმენაც საოცრად ჰუმანურია. ის არ ცხოვრობდა, როგორც განდეგილი და მისთვის ადამიანური სისუსტეები ბარიერს არ ქმნიდა. ძალიან საინტერესოა რწმენის მისეული განმარტება და ალბათ ის ყველასთვის მომხიბლავია, რადგან არა ასკეტიზმის, არამედ წრფელი გრძნობებისა და ურთიერთობების მიმდევარია. ბერი ზოსიმეს აზრით არც ჯოჯოხეთი იყო ცეცხლისა და უკუნი სიბნელის სამყოფელი, ,,ის პირველ რიგში ტანჯვაა იმაზე, რომ ვეღარასდროს შეძლებ სიყვარულს.”

ალიოშა და მისი ძმები, ივანი და დიმიტრი, ერთად არ გაზრდილან. მათ შორის თითქოს არც განსაკუთრებული სიყვარული იყო, მაგრამ ერთმანეთის სულებს მაინც იზიდავდნენ. ისინი დაახლოვდნენ მას შემდეგ, რაც წლების მერე, ისევ მშობლიურ ქალაქში, მამასთან მოიყარეს თავი. მამა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ფიოდორს შვილებისთვის არაფერი გაუკეთებია გარდა იმ მცერედი წვლილისა, რაც მათ ჩასახვაში შეიტანა. მეტიც, ის უკიდურესად გარყვნილი ადამიანი იყო და ამით თავის შვილებსაც დიდ ზიანს აყენებდა. ბოლოს მან სიცოცხლე იმით დაასრულა, რომ მოახლემ, რომელიც სინამდვილეში თავისი შვილი იყო, მოკლა. ეს სმერდიაკოვი იყო, ლაჩარი, შურითა და ღვარძლით სავსე ადამიანი.
რაც შეეხება მიტიასა და ივანს, რთულია მათი რეალური ბუნების მარტივად განჭვრეტა. ივანი, რომელიც შეიძლება მამამისის მსგავს ნაძირალად მოგეჩვენოთ, სინამდვილეში ადამიანია, რომელსაც ძალიან უყვარს სიცოცხლე და ამაღლებული გრძნობების მიმართაც არაა გულგრილი. ის საკუთარ თავსაც და სხვებსაც იმაში არწმუნებს, რომ ,,ყველაფერი დასაშვებია” მაგრამ სინდისის წინაშე მაინც მარცხდება და ამ მარცხსაც გულწრფელად აღიარებს. მიტია კი ჩემი შეხედულებით ნამდვილი გიჟია. თავაწყვეტილი დროსტარება და სიყვარული მისი ცხოვრების კრედოა. თუმცა ამდენად გიჟურად თავმოყვარე და რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, პატიოსანია. წიგნის ,,მთავარ ქალბატონებზე” ყურადღების გამახვილება თავშივე გადავიფიქრე, თუმცა მოკლედ გეტყვით, რომ კატერინას, ლიზისა და გრუშას წყალობით, აქ სასიყვარულო სამკუთხედები კი არა, ისეთი მრავალკუთხედებია, რომელთა შიდა კუთხეების ჯამი 360˚-ს აუცილებლად აღემატება.
საბოლოო ჯამში სმერდიაკოვის დანაშაულზე პასუხის გება მიტიას მოუწია, თუმცა რამდენად დაემორჩილება ის სასამართლოსგან დადგენილ სასჯელს, ვისი სურვილით მოკლა სმერდიაკოვმა სინამდვილეში მამა და რამდენად სწორი რეაქცია ექნება განვითარებულ მოვლენებზე წმინდანად შერაცხულ ალიოშას, ამას თავად გაიგებთ, როცა წიგნს წაიკითხავთ.  მე კი თხრობას იმ მონაკვეთებით დავასრულებ, რომლებიც განსაკუთრებულ ,,მარგალიტებად” მივიჩნიე.

,,დიდი ხნის წინ ერთ ქალიშვილს ვიცნობდი, ჯერ კიდევ იმ წინა, რომანტიკული თაობიდან, რომელიც რამდენიმე წელიწადს თავდავიწყებით იყო შეყვარებული ერთ ბატონზე, რომელსაც შეეძლო მშვიდად ცოლად გაჰყოლოდა, მაგრამ თავადვე გამოიგონა გადაულახავი წინააღმდეგობები. ერთ ღამეს კი საკუთარი კაპრიზის გამო, მხოლოდ იმიტომ, რომ შექსპირის ოფელიას დამსგავსებოდა,სწრაფ და ღრმა მდინარეში გადაეშვა. მეტსაც გეტყვით, ეს დიდი ხნის შერჩეული და შეგულებუი ქარაფი ასეთი ლამაზი რომ არ ყოფილიყო, ეგებ პროზაულ, არაფრით გამორჩეულ და სწორ ნაპირზე არც მოენდომებინა თავის მოკვლა.”

,,უმეტეს შემთხვევაში ადამიანები, ბოროტმოქმედებიც კი, უფრო გულუბრყვილოები არიან, ვიდრე საერთოდ შეიძლება წარმოვიდგინოთ.”

,,რეალისტი, სწორედ თავისი რეალისტობის გამო, აუცილებლად დაუშვებს სასწაულის არსებობასაც.”

,,არის ხალხში უჩვეულოდ მდუმარე და მრავლისამტანი ვაება.თავის თავში რომ იყუჟება და დუმს. მაგრამ არის თავაწყვეტილიც. ერთხელ რომ ცრემლად გადმოსკდება და გოდებადქცეული რჩება. მაგრამ ეს ერთბაშად გადმოხეთქილი ნაღველი იმ მდუმარეზე იოლი არ არის. გოდებადქცეული მეტად აღიზიანებს და ასკდება გულს.”

,,სიყვარული ისეთი შეუფასებელი საგანძურია, მთელ სამყაროს შეგაძენინებს.”

,,სილამაზე საშინელი რამაა, იმიტომ, რომ გამოუთქმელია და ვერც განსაზღვრავ, რადგან უფალმა მხოლოდ გამოცანები დაგვიტოვა, აქ ეშმაკი ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.”

,,ჩემთვის სოფლელები არ არსებობენ: ყველა ქალი ქალია და ეს ნიშნავს, რომ სამყაროს ნახევარია.”

,,ადამიანმა ღმერთი გამოიგონა და ის კი არ არის გასაკვირი ან საოცარი, რომ ღმერთი მართლაც არსებობს, არამედ ის, რომ ღმერთის აუცილებელი არსებობის აზრი ისეთ ველურ და ბოროტ ცხოველს შეიძლებოდა გასჩენოდა, როგორიც ადამიანია. ”

,,აზრი რაც უფრო სულელურია, მით უფრო ახლოა რეალობასთან.”

,,ადამიანი რომ შეიყვარო, მის ჭეშმარიტ სახეს ვერ უნდა ხედავდე. თორემ თუ ხედავ, სიყვარული ქრება.”

,,თუ ეშმაკი არ არსებობს და ადამიანმა შექმნა, თავის ხატად და სახედ შეუქმნია.”

,,სისულელეები ძალიან სჭირდება დედამიწას, რადგან მსოფლიო სისულელეებზე დგას.”

,,ადამიანთა ყოფიერების საიდუმლო მხოლოდ იმაში კი არ მდგომარეობს, რომ იცოცხლოს, არამედ იმაშიც, რისთვის იცოცხლოს.”

,,ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო. ყველას წინაშეა დამნაშავე.”

,,ყველაზე ცუდი ოჯახისგანაც შეიძლება ძვირფასი მოგონებები შემოგრჩეს, თუ შენს სულს ,,ძვირფასის ძიების” უნარი გააჩნია”

,,უფალი ჭეშმარიტებაა და არა ძალა!”

,,ბევრი ადამიანი პატიოსანი სწორედ იმიტომ არის, რომ სულელია.”

,,თომამ იმიტომ კი არ ირწმუნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იხილა, არამედ იმიტომ, რომ მანამდე თვითონ უნდოდა ერწმუნა.”

,,სიყვარული არაფრისგან არ იქმნება, არაფრისგან მხოლოდ ღმერთი ქმნის.”

Advertisements