გადავშალე ჩემი ძველი დღიური, სადაც ჩვეულებრივ იმ ფრაზებს ვწერდი, რაც წიგნებში განსაკუთრებით მომწონდა და რატომღაც თვალში პირველი პაულო კოელიოს ,,ალქიმიკოსი” მომხვდა. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ კოელიოს წიგნები კლასიკაა, თუმცა მაინც, მისი თითქმის ყველა რომანი წავიკითხე. რა თქმა უნდა ერთმანეთის მიყოლებით და განსაკუთრებით სწრაფ რეჟიმში, რადგან მგონია, რომ ყველა ერთი რომანი იყო, სხვადასხვა ქვეთავებით. ის, რომ ,,ალქიმიკოსი” რამდენიმე წელია მსოფლიო ბესტსელერების სიის სათავეშია, ფაქტია, თუმცა მე მისი რომანებიდან უპირატესობას ,,ზაჰირს” ვანიჭებ და ერთხელაც მასზეც დავწერ რამეს.
,,ალქიმიკოსი” არის კლასიკური მაგალითი იმ წიგნებისა, რომლებიც უნდა იკითხო გუნების გამოსაკეთებლად, ფიქრის გასაქარვებლად, ყოველგვარი სირთულისა და სიღრმეების გარეშე. მერწმუნეთ, ის მოგანიჭებთ სიამოვნებას, თუ თქვენ ჯერ კიდევ მეოცნებე ბრძანდებით და გჯერათ, რომ ყველა სასწაულის ხორცშესხმის ძალა თქვენ ხელთაა. მე არც სასწაულების არსებობას ვუარყობ და არც იმის თქმა მსურს, რომ რომანს არავითარი ღირებულება არ გააჩნია. ვურჩევდი ჩემზე გამოუცდელ მკითხველს (მგონი ასეთებიც მოიძებნებიან), წაიკითხოს კოელიო, თუმცა არ დაავიწყდეს, რომ არსებობს შექსპირი, ბალზაკი, დოსტოევსკი, კონსტანტინე და მრავალი ისეთი გენიოსი, რომელთა შედარებაც კი მასთან შეუძლებელია.
პ.ს. ,,ალქიმიკოსის” შინაარსის მოყოლას მგონი აზრიც არ აქვს, რადგან თავად ნაწარმოებიც ძალიან მცირე მოცულობისაა. ამიტომ ვფიქრობ, უფრო საინტერესო სწორედ იმ მონაკვეთების დაწერა იქნება, რომელმაც დღეს ეს წიგნი გამახსენა.

მეზღვაურებს ყოვეთვის აქვთ ხოლმე ერთი ნანატრი ადგილი, სადაც ის ადამიანი ცხოვრობს, ვის გამოც ამ დედამიწაზე თავისუფლად ხეტიალის სიხარულის დავიწყება შეიძლება.
• ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა მეპოვა ღმერთი სემინარიაში.
• ცხოვრება სწორედ იმით არის საინტერესო, რომ შეიძლება ყველა სიზმარი აგიხდეს.
• ამქვეყნად ერთადერთი ჭეშმარიტება არსებობს: იმისდა მიუხედავად, ვინ ხარ და რას წარმოადგენ, თუკი ნამდვილად ესწრაფვი რაღაცას, აუცილებლად მიაღწევ კიდეც, რადგან ეს სურვილი სამყაროს სულშია ჩასახული.
• როცა რაღაც გულით გწადია, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში.
• სამყარო მრავალ ენაზე ლაპარაკობს.
• სიყვარული ხელს არ უშლის ადამიანს, თავის გზას ეწიოს.
• თუ გიყვარს, შეგიძლია შეიცვალო.
• ყოველი ადამიანი, რასაც არ უნდა აკეთებდეს, უმთავრეს როლს ასრულებს სამყაროს ისტორიაში, თუმცა, შეიძლება, არც არაფერი იცოდეს ამის შესახებ.
• ერთმა ვაჭარმა ბედნიერების საიდუმლოს შესასწავლად ბრძენთა ბრძენთან გაგზავნა ბიჭი. ყმაწვილი 40 დღეს მიაბიჯებდა უდაბნოში და ბოლოს მთის მწვერვალზე დიდებული ციხესიმაგრე დაინახა. იქ ცხოვრობდა ბრძენი. უცნაური იყო, მაგრამ ციხესიმაგრე არაფრით გავდა ბერის საყუდელს და თან ხალხით იყო სავსე. ვაჭრები საქონელს ასაღებდნენ, ყველგან ხალხი ირეოდა და საუბრობდნენ.პატარა ორკესტრი ნაზ მელოდიას უკრავდა.
ბრძენი აუჩქარებლად დააბიჯებდა დარბაზში და სტუმრებს ემუსაიფებოდა. ყმაწვილს 2 საათს მოუწია ლოდინი. ბოლოს, როგორც იქნა, მასთანაც მივიდა ბრძენი. მოუსმინა და მოცდა სთხოვა. მანამდე ურჩია ციხესიმაგრე დაეთვარიელებინა და ორი საათის შემდეგ დაბრუნებულიყო. ,,ერთი თხოვნაც მექნება შენთან, – უთხრა ყმაწვილს და ჩაის კოვზი გაუწოდა, რომელზეც ორი წვეთი ზეთი ესხა, – ეს კოვზი წაიღე თან და ეცადე არ დაგეღვაროს.”
ყმაწვილმა კოვზი გამოართვა და ფრთხილად აუყვა სასახლის კიბეებს, 2 საათის შემდეგ კი კვლავ ბერის წინაშე წარსდგა.
,,სასადილო დარბაზის სპარსული ხალიჩები მოგეწონა? ბაღში თუ იყავი და ხეები და ყვავილები თუ ნახე, რომლის გასაშენებლადაც 10 წელი იშრომეს მებაღეებმა? ბიბლიოთეკაში უძველესი პერგამენტები თუ ნახე?”- ჰკითხა ბრძენმა.
დარცხვენილმა ბიჭმა აღიარა, რომ ვერაფრის ნახვა შეძლო, რადგან იმაზე ფიქრობდა 2 წვეთი ზეთი არ დაღვროდა.
,,უკან დაბრუნდი და სასახლე დაათვარიელე” – უთხრა ბრძენმა.
ყმაწვილი თავის კოვზიანად ისევ სასახლის დარბაზებსა და დერეფნებს გაუყვა, ამჯერად უფრო თავისუფლად დააბიჯებდა. ბრძენთან მივიდა და დაწვრილებით მოუთხრო, რაც ნახა.
,,ის ორი წვეთი ზეთი სადღაა მე რომ მოგაბარე?” – ჰკითხა ბრძენმა. ყმაწვილმა მაშინღა შეამჩნია, რომ კოვზი ცარიელი იყო.
,,აი ეს არის ერთადერთი რჩევა, რომელიც უნდა მომეცა – უთხრა ბრძენმა – ბედნიერების საიდუმლო ის არის, რომ ამქვეყნიური საოცრებებითა და დიდებულებებით დატკბე, მაგრამ არც ის ორი წვეთი ზეთი დაგავიწყდეს, კოვზზე რომ გისხია.”