კარგი აღზრდა იმით კი არ გამოიხატება, რომ საწებელს სუფრაზე არ დაღვრით, არამედ, იმით,რომ არ შეიმჩნევ ეს სხვას რომ დაემართება.
ანტონ ჩეხოვი

2 საათზე ლექცია მქონდა და ჩვეულებრივ, ვიდექი ავტობუსის გაჩერებაზე 9 ნომრის მოლოდინში. ავედი და ჩემდა გასაკვირად, ჩემთვის ადგილი გამოიძებნა. ბედნიერი ვარ, რადგან შემიძლია კომფორტულად (თუ ამას შეიძლება საერთოდ კომფორტი ეწოდოს) ვიმგზავრო, რა თქმა უნდა მოვუსმენ მუსიკას და გავიხსენებ რომელიმე ზაფხულს, თუნდაც მომავალ ზაფხულზე ვიფიქრებ, სხვა მანქანებში მჯდარი ლამაზი ქალბატონების მრგვალ მუხლებს დავაკვირდები და ა.შ. მოკლედ, რა დალევს გასართობს ავტობუსში.  ჩემ გვერდით ქალბატონი ზის, პირდაპირ კი ახალგაზრდა გოგონა.

ცოტაოდენი ყურადღების მოდუნების შემდეგ, ვხედავ, თუ როგორ თმობს ადგილს ეს გოგო, სრულიად არაადეკვატური გამოხედვით. მე ვფიქრობ, რა უნდა მოხდეს ისეთი რომ ასეთ გაჭედილ ავტობუსში ფეხზე დგომა არჩიო, თუმცა მისი ,,მარტვილობის” მიზეზი ჩემთვის იმ წამს გახდა ცნობილი, როცა მის გვერდით მჯდარ ახალგაზრდა მამაკაცს შევხედე. არა, ჯერ ვიგრძენი… ვიყნოსე… მოკლედ, არც კი ვიცი კორექტულად როგორ ვთქვა, მაგრამ აშკარა იყო ის უსიამოვნო შეგრძნება… მამაკაცი სულაც არ ჰგავდა ჩვეულებრივ ,,ბომჟს”, მაგრამ აშკარად შეიმჩნეოდა მისი არაქართული იერი და კიდევ ის, რომ კანის რომელიღაც დაავადება ჰქონდა. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ გუნება სწორედ ამან გამიფუჭა, მაგრამ ასე სულაც არაა. ჩემი აღშფოთება გამოიწვია იმ დაახლოებით ხუთმა ადამიანმა, რომლებიც არაადეკვატურსახიანი გოგოს მიერ განთავისუფლებულ ადგილზე სხდებოდნენ, მერე დემონსტრირებულად იჭერდნენ ხელს ცხვირზე და დგებოდნენ. საბრალო კაცი იშმუშნებოდა და მიუხედავად იმისა, რომ აშკარად გრძნობდა დიდ უხერხულობას, ჯიუტად არ იმჩნევდა ზიზღის იმ ნაკადს, რომელიც იმ დღეს ამდენმა ადამიანმა უშურველად მიახალა. ჩემს გვერდით მჯდარმა ქალბატონმა,რომელსაც მართალია სახეზე მაინც შეატყობდით უკმაყოფილებას, მაგრამ სადგურიდან გმირთა მოედნამდე, თავისი ოლიმპიური სიმშვიდით გამაოცა. თუმცა ზუსტად ორ წამში, ჩემი შეხედულება ,,გაწონასწორებული” ქალბატონის შესახებ, მისმა ხმამაღალმა განაცხადმა ხუხულასავით დაანგრია : -,,რა სუნი აქვს ამ უპატრონოს.” მამაკაცი ისევ არაფერს იმჩნევდა, თუმცა ქალიც არ ცხრებოდა: ,,ქართველი არ იქნება, ქართველი არაა და მაგიტომაც ყარს ასე.”

რამდენიმე წუთის წინ, ვკითხულობდი პოსტს ჩემი მეგობრის ბლოგზე, რომელიც ტოლერანტობაზე წერდა. აი კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ამისა. აი მაგაითი იმისა, რა ტოლერანტიც ბრძანდება ჩვენი ერი. ვიცი, სულაც არ მაქვს უფლება ავტობუსში შემხვედრი 7 კაცით მთელი ერის რეპრეზენტირება მოვახდინო, მაგრამ არ შემოძლო აღშფოთება მაინც არ გამომეხატა ამ ყოვლად სამარცხვინო ფაქტის გამო.

მე კი ვიჯექი ამ ადამიანის პირდაპირ და ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ მომავალი სოციოლოგი ვარ და სწორედ ამ პროფესიამ მასწავლა, რატომ არ უნდა გაგაღიზიანოს მამაკაცმა, რომელსაც ცუდი სუნი ასდის!