კარგადაა, ყველაფერი კარგადაა. ასეა თუ ისე, რა მაქვს ბედთან საწუწუნო. ბოლოს და ბოლოს ბევრი აბიტურიენტი ოცნებობს სწავლა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძოს. მეც როგორი ხელის კანკალითა და გულის ფანცქალით ვწერდი ამ სახელს იმის მოლოდინში, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ თსუ-ს კარი ჩემთვისაც გაიღებოდა. ასეც მოხდა და ახლა უკვე რაღა უნდა ვიჯავრო, აქ ხომ ყველა პირობაა შექმნილი, კარგი განათლების მისაღებად.
გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სოციოლოგი გავმხდარიყავი აბსოლუტურად რაციონალური იყო. ეს ხომ სწორედ ის პროფესიაა, სადაც სტუდენტებს შეგვიძლია ისეთი უნარ-ჩვევები შევიძინოთ, როგორიცაა კვლევის სიღრმისეულად ჩატარება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება, კრიტიკული ანალიზი და ა.შ. თსუ-ში მარტივია სასურველი საგნის უპრობლემოდ არჩევა, თანასწორ გარემოში, სწორად განაწილებულ ლექციებზე დასწრება. ლექციები ვახსენე და აქვე არ შემიძლია ისიც არ დავამატო, თუ როგორ გვეხმარება ახალგარემონტებული პირველი კორპუსი, რათა თავი მაქსიმალურ კომფორტში ვიგრძნოთ. აუდიტორიების ფართი ხომ ზუსტად შეესაბამება სტუდენტთა რაოდენობას. სკამებიც კი ისეთი კომფორტულია, მაგალითად მეორე, მესამე თუ მეოთხე კორპუსში, გოგონებს არანაირად არ გვაქვს შიში იმისა, რომ თხელი ტანსაცმელი ამოწეულ ლურსმანს გამოედება და უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.
მოგეხსენებათ, ჩვენი უნივერსიტეტი, განათლების კერაა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი. სადაც შეგიძლია ნებისმიერ აუდიტორიაში უპრობლემოდ ჩაატარო პრეზენტაცია. პროექტორებს შეიძლება მხოლოდ რაღაც ნაწილი ჰქონდეთ გაფუჭებული, მაგრამ ხომ დაგაიმედებენ მაინც, ორ კვირაში გაკეთდებაო. 
ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის ზრუნავს დააფინანსოს წიგნების თარგმა-გამოცემა და სწორედ ამიტომ, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს მივიღოთ განათლება გამართული, პროფესიონალური თარგმანებით, რაც იმის გარანტიას გვაძლევს, რომ ჩვენ მიერ მიღებული ცოდნის დონე, ევროპული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების ანალოგი იქნება.
თსუ-ში უამრავი ტრენინგი ტარდება და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიწევს მოვიძიოთ და გავიაროთ ფასიანი ტრენინგები რომელიმე კერძო ორგანიზაციაში. უნივერსიტეტს აქვს ელექტრონული გაზეთებისა და ჟურნალების ზღვა რაოდენობა. ჩვენი ლექტორები ზრუნავენ ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე დახარჯონ ლექციის 60%, როგორიცაა დასწრების შემოწმება. ეს არა მარტო ავლენს იმას, თუ ვის ერგება სემესტრის ბოლოს ნოყიერი 10 ქულა, არამედ სტუდენტებს იმის საშუალებას გვაძლევს, დავიმახსოვროთ ჩვენი კურსელების სახელები და გვარები. ჩვენ საქართველოს ყველა კუთხის გვარებს ვეცნობით, ასევე, თვითმმართველობის დახმერებით, უფასო ექსკურსიებისას ჩვენ არამარტო გვარებს, არამედ საქართველოს ყველა კუთხესაც ვეცნობით, მაგალითად ქართლს, კახეთს, კახეთს, ქართლს, ქართლს, კახეთს და სხვ.

ახლა კი, მგონი დროა მოვრჩე ზედმეტ ლაყბობას და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ: დღეს 1 აპრილია!