ის დღეც ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად დაიწყო – დავადექი არც თუ სასიამოვნო და მოკლე გზას ჩემი სახლიდან იმ შენობამდე, სადაც წარმოუდგენელი ინტენსიობითა და აქტივობით ვეწაფებოდით მათემატიკის საფუძვლებს მე და ჩემი 6 მეგობარი. გზად მათთან შეხვედრა მამხნევებს და კიდევ ის, რომ ჩემ საყვარელ, დათო მასწავლებელს ვნახავ. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს მინიმუმ 6 საათი ვწერდი დავალებას კვადრატულ განტოლებებზე, ვიცი, კარგად არაფერი გამიგია და არც დიდ ქებას დავიმსახურებ. ამას ემატება დათო მასწავლებლის კრიტიკული ხასიათი და ის, რომ მას არაფერი აღფრთოვანებს. . .
დავსხედით… დათო მასწავლებელმა საუბარი „ახლებზე“ დაიწყო. ახლები, ანუ ის სულელები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ უმაღლესში ჩასაბარებლად მათემატიკის ერთწლიანი კურსი სრულიად საკმარისია.  მართალია დათო მასწავლებელმა ის უმნიშვნელო წვრილმანიც აღნიშნა, რომ ჯგუფში ერთი გოგონა განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევაო, მაგრამ ერთი ვის არ აქვს განსაკუთრებული ნიჭი. მისი განსაკუთრებულობა იქ დასრულდება, სადაც ფესვებსა და სფეროებზე მიდგება საქმე…

მაგრამ მომდევნო კვირას, ქალაქი ახალმა თემამ გაიტაცა. რას არ იძახდა ხალხი: „თურმე ერთი გოგო, რომელიც გარეუბნიდან დადის ქართულზე, მასწავლებელს პირდაპირ აგიჟებს, ისეთი ჭკვიანია“, „აუ იმ გოგომ სოსოს უთხრა შენ მაინც ჩემი გახდებიო, და ყველამ დონიტა შეარქვა“, „დონიტას თუ რამეს გაუბედავ, ან გცემს, ან ჯიბეში რომ ლაკარტკა უდევს, იმით ამოგთხრის თვალებს“, დონიტა გარეუბნიდან ცხენით დადის და შორიახლოს მალავსო ამასაც კი ამბობდნენ „თავზარდაცემული“ აბიტურიენტები. როგორც აღმოჩნდა ეს დონიტა სწორედ დათო მასწავლებლის მიერ მოწონებული „ახალი“ იყო. მეორე გაკვეთილზე დონიტასადმი მიძღვნილმა კომპლიმენტებმა საგრძნობლად იმატა სულ მალე კი აღფრთოვანებაში გადაიზარდა.
ასე გაჩნდა ჩვენს ცნობიერებაში ახალი არსება, სახელად გვანცა. იმ დღიდან ყველამ იცოდა, რომ ქალაქში ნიჭიერების კრიტერიუმით აშენებლი იერარქია უნდა დანგრეულიყო და ყველას ერთი საფეხურით დაბლა დაეკავებინა თავისი ადგილი. ისეთებსაც შეხვდებოდით, ვინც დონიტას ნახვის წარმოუდგენელი სურვილით იყო სავსე და ჩვენ, მათემატიკელებს, შეგვეძლო იმით გვეტრაბახა, რომ დონიტასთან ვმეგობრობდით.
უნდა ვაღიარო, დონიტას მეგობრობა არასოდეს დამიჩემებია. უბრალოდ მახსოვს, რა კარგად ვგრძნობდი თავს იმ დღეს, როცა გვანცა მესამე სკოლის კიბეებთან შემომხვდა, გამიღიმა და გამარჯობა მითხრა.

ყველაზე წარმატებული, აბიტურიენტებთაგან დონიტა აღმოჩნდა. მე და მან ერთი უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე ჩავაბარეთ. ჯერ კიდევ იმ ზაფხულს, როცა ყველა გვანცას წარმატებაზე საუბრობდა, ის ჩემთვის შორეული, საოცრად მომხიბლავი ადამიანი იყო. მე, როგორც მეგობრებში ნაკლებგამართლებულს, არასოდეს მიფიქრია დონიტას მეგობარი გავმხდარიყავი.
თუმცა იმ წელმა ბევრი სითბო მომიტანა… ბევრი… ბევრი… უთვალავი…
და დაიწყო…
საბედნიეროდ ჩემი უსასრულო მეგობრობა დაიწყო და ამის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი იმ სამთაგან, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ დონიტა აღმოჩნდა.
დონიტა დღეს გვაა, ჩემი გვა… ის გვა, ორი წუთის წინაც რომ ჩემთან იყო და ხვალინდელ შეხვედრას რომ ვგეგმავდით. ის გვა, რომლის კბილის ჯაგრისი, ჩემ ჯაგრისთან ერთადაა მოთავსებული პაწაწინა ყუთში და რომლის ძილის მანერაც კი ჩემთვის სრულიად ნაცნობია. დონიტას ცხენი არ ჰყავს და არც ცემა ეხერხება, დონიტა თბილია, კოცნით და ჩახუტებით რომ ყველას გვანებივრებს ის…
დონიტა, მე თუ მკითხავთ, „დიდი ჰორიზონტების“ პატარა პრინცესაა. აბა მე რა ვიცი რას ფიქრობს ის, როცა თავადაც არასოდეს უფიქრია, რას ფიქრობს და თუ ფიქრობს, მაგრამ მე ვიცი რას გრძნობს ჩემი გვა. ვიცი რატომ იხედება წამწამებს ქვემოდან, რატომ იფარებს სახეზე საოცრად თლილ თითებს და რატომ „უბრალოვდება მის პალიტრაზე ფერები“.
ალბეთ დღესაც, დონიტა ის ველური გოგოა, ყველას თავზარი რომ დასცა თავისი გამოჩენით და ყველას სიმპათია უნებურად რომ დაიმსახურა. ალბათ დღესაც, ბევრი გოგონა იოცნებებდა მასთან მეგობრობას – მე კი გამიმართლა.
გვა, გამიმართლა, რომ არ მგონია, თითქოს ნამცეცებით იკვებებოდე შენი სიფრიფანა ტანის გამო და ვიცი, როგორ გიყვარს N რაოდენობის ფენოვანი ლობიანი როცაა შენს აბსოლუტურ მფლობელობაში. გამიმართლა, რომ ვიცი, როგორ გიხდება წითელი ფერი და როგორ მოგწონს წითელი ლაქი შენს ფრჩხილებზე, ვიცი, რომ Mc’donalds- ის მენიუდან შენთვის მისაღები მხოლოდ ნაყინია და კიდევ ის, რომ შარვლის შიგნით თბილი ელესტიკები გაცვია. 
გამიმართლა, რომ ნიჭიერი გგონივარ, მერე რა, რომ ეს აზრი სავსებით სუბიექტურია. სიმართლე გითხრა მე სწორედ ეს სუბიექტურობა მახარებს… და იმითაც ბედნიერი ვარ, რომ შენ მიწოდებ ლაფრის, თამრის, ბოთეს…
ჩვენ ხომ თითქმის 900 დღეა საკუთარ კანუდოსს ვაშენებთ… სადაც უყვართ, სადაც არ ღალატობენ და სადაც უანგარო და უსასყიდლო მეგობრობა ყველაფრის ქვაკუთხედია.
„შენ პირველი იქნები იმ დიდთაგან, ვინც შემდგომ დიდი კანუდოსელი გახდება!“

Advertisements