ცხოვრებაში ყველანი საკუთარი ეპოქის კოდს ვატარებთ. ის, რომ ამ წერილს რომელიმე მერქანზე კიარ ვტვიფრავ ან თუნდაც ფურცელზე კი არ ვწერ, არამედ ვორდის ფაილში ვკრებ, იმას ნიშნავს, რომ 21-ე საუკუნის ”პირმშო” ვარ, ანუ იმ ეპოქის, სადაც ყველაფერი შთანთქა ახალმა ტექნოლოგიებმა, ვირტუალურმა ურთიერთობებმა და სიცივემ, რომელსაც ადამიანის გულში პრაგმატიზმმა ჩაუწყო საქმე და სასიამოვნო კამპანიაც გაუწია. მე და შენ მაშინ დავიბადეთ, როცა ”ობიექტური კულტურა რკინის გალიად გადაიქცა”.
საბედნიეროდ, ჩვენ კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შედეგად გავჩნდით და ბლუთუზი ან სკაიპი არაფერ შუაშია,საბედნიეროდ ჩვენ ადამიანები ვართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როცა კი ჩემს გონებაში შენს ხატს დავხატავ, პირველი, რასაც ვფიქრობ მეგობრობის მნიშვნელობაა. ვიწყებ უსასრულო ფიქრს არა რომელიმე კონკრეტულ ადამიანებზე, არამედ თავად მეგობრობის ფენომენზე და ვცდილობ გამოვიცნო რატომ არ სრულდება ის. რატომ ხდება, რომ ადამიანებს გამუდმებით სჭირდებათ მეგობრები და მიუხედავად ამ მკაცრი ბორკილებისა, რომელსაც თანამედროვე ეპოქა ხლართავს, მე მინც არ მჯერა, რომ ის ოდესმე გაქრება.
კარგად ვარ, რადგან შენთან ერთად მე სრულიად ახალი მიმდინარეობა შევქმენი. სრულიად ახალი, გესმის? _ ეს არის ”რაციონალური რომანტიზმი”. ის, რომ შენთან ერთად რძიანი ყავის დალევა და წიგნებზე საუბარი, ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, სხვა არაფერია, თუ არა რომანტიზმი. მაგრამ მახსენდება ჩვენი შეხედულებები, მათი ურთიერთშეჯახება და კავშირი და ვხვდები, რომ ის არაფრითაა მოკლებული რაციონალურ ხასიათს. კმაყოფილი ვარ…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

შენ რომ შორს იყო, მოგწერდი წერილს, თუ როგორ მახსოვს ჩვენი შეხვედრა და რადგან ახლა შენ მყავხარ ახლოს, რაღაცნაირი დარდი მეხვევა. და ვფიქრობ, ნეტავ შენ იყო სულ შორს, დასალიერში, ქვეყნის ბოლოში, მე ახლა ვეტრფი, შენი წერილის, უცხო მხარიდან მოსვლის მოლოდინს.
შენ რომ შორს იყო, მოგწერდი ცაზე, როგორ დაგორავს ფუნთრუშა მთვარე, ამ უმნიშვნელო, ერთ ციდა წვრილმანს, მე შენ მოგწერდი საოცრად თბილად.

მოგწერდი ჩემი ცხოვრების სხივებს, როგორ დაეტყოთ მზისკენ გაქცევა, გეტყოდი, როგორ მოვიდა წვიმა, ჩემი ფიქრების თავშესაქცევად. და როგორ ათოვს ქალაქის ბოლოს, შენ ხომ ოცნებობ, თოვლზე და ცეცხლზე, ნეტავ შორს იყო, ერთ წერილს მხოლოდ, მოგწერდი მაგ შენს ფუმფულა თმებზე.

და დავიწყებდი წერილს ამგვარად, ლუ, ალბათ გნახავ მე შენ გაისად. და გაისამდე ჩვენთან აპრილი, თავის ნათოვლარ ფერდებს დაიბანს.

მოგწერდი განა მხოლოდ იმაზე, რომ აქ ომია, ანდა პირიქით, წერილს დავწერდი ისეთ წვრილმაზე, როგორიც არის კბილის ტკივილი.

გავიხსენებდი ალბათ წარსულსაც, შენთან შეხვედრას, მეტროს კარებთან, მერე შენს ღიმილს, ცოტა ცინიკურს, მაკკოფით ხელში, ყვითელ კაფესთან. 

გავიხსენებდი, შუაღამეებს, კანუდოსისთვის შექმნილ სიტყვებით, ან იმ საუბრებს, ხელში ბოთლით და სულში წვის თბილი აგიზგიზებით. შენს საღამურებს, ჩემი კარადის მეორე თაროს ერთ-ერთ კუთხეში, ჩაკუჭნულს ვიწროდ და უწესრიგოდ, შენს წინდებს, შენივ მელნის უგებში.

ყველაფერს ალბათ სიყვარული ქმნის, მაგრამ ყველაფერს ის სულაც არ გავს, ეჰ ნეტავ იყო ძალიან შორს და ნეტავ ვიცოდე – გაისად გნახავ.

მაგრამ შენ ახლა გძინავს ნინისთან, ან უსმენ ვაითს, ან ცეკვავ სამბას, ხვალ კი მოხვალ და ჩვეული ჟინით, ტემბრით მოყვები გუშინდელ ამბავს. თმებს გადაიწევ ოდნავ ყურებზე და მიმიკებიც, ო, როგორ ვიცი, ნეტავ იცოდე, რომ როგორ ვიცი, შენი მანერა ყოველი სიტყვის.

და ვთქვათ სიმართლე, სულაც არ მინდა, რომ გაისამდე გნახო აღარსად. და უფრო მეტიც, უნდა დამპირდე, რომ ვბოდავ მე და არსად არ წახვალ.