სომეხი
ქართველს უამბობდა, პიტალო სახით
უსმენდათ ფრანგი,
ამრეზილი წვრილ-წვრილი ხალხით…
„რა ვიხარეო, –
თქვა სომეხმა, – რაფრად დანაყა,
რა ჩხუბს ვუყურე,
ერთმა კაცმა ოთხი გალახა,
რომელსაც მოსდო,
სათითაოდ ადგილზე დასვა,
მიაწყ-მოაწყო
და თავის გზით გასწია კაცმა…“
„ვენაცვალეო
შიგ ჯიგარში! – (სომეხი იდგა)
სად უყურეო,
თუ კაცი ხარ?!“ – ქართველმა ჰკითხა.
ფრანგს გაეცინა:
„რა ხალხია, ეს რაებს ბლანდავს!
არ კითხულობსო
დალოცვილი მტყუანს და მართალს!“
„ამას უყურე! –
თქვა სომეხმა, – რა ბრძანეთ აქო!
ვაჟკაცობისა
რა გესმისო, შე მართლა ფრანგო!“
და თქვა ქართველმაც
იდეური თანხმობით დოსტთან:
„ერთი – ყოველთვის მართალია
ათთან და ოცთან!“
„ცოტანი ხართო!
ვერ გასულხართ, ვერც გახვალთ გაღმა! –
რიცხობრიობის
გაწუხებთო საკითხი!“ –
ფრანგმა.

მურმან ლებანიძე

Advertisements