ოსკარ უალდის ,,დორიან გრეის პორტრეტი” დაახლოებით ერთი წლის წინ წავიკითხე. შთაბეჭდილება, შეიძლება ითქვას, რომ მოცულობითი იყო.  ამ წიგნის საშუალებით მე ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანი (პერსონაჟებს ვგულისხმობ) და ნამდვილად დიდი გამოცდილება შევიძინე. შეუძლებლად მიმაჩნია, რომ წიგნი რაიმე მიზეზის გამო მაინც იქცეს ჩემი კრიტიკის ობიექტად. შეიძლება ვინმესთვის მიუღებელი იყოს თავად იდეა, თუმცა არც ის მესმის, რატომ არ მოსწონთ ადამიანებს წიგნები ან ფილმები ბოროტებაზე, ჰედონიზმზე და ა.შ. მწერლის მოვალეობა არაა, რომ სიკეთის გამავრცელებელი იყოს. ამიტომ ჩემთვის ყველაფერი მისაღები და მოსაწონი გამოდგა.  რაც შეეხება ცოტაოდენ მისტიციზმს, ამაზე საუბარიც ზედმეტია, რადგან სწორედ ეს დაუჯერებელი ,,ფაქტი” ხდება ჭეშმარიტების უდიდესი გამომსახველი.
რაც შეეხება მოკლე შინაარსს… სიმართლე გითხრათ არ მიყვარს წიგნის შინაარსზე საუბარი, მით უმეტეს ასე ზერელედ. რადგან წიგნში შინაარსი ხშირად სულაც არაა განმსაზღვრელი. არ მინდა ვინმეს წიგნის საკითხად მხოლოდ იმიტომ მოვუწოდებდე, რომ საინტერესო შინაარსის მქონეა. მინდა ყურადღება სხვა დეტალებზე გავამახვილო.
წიგნი ყველას დასაწყისშივე მიგიზიდავთ. შეუძლებლადაც კი მიმაჩნია არ მოგხიბლოთ იმ დიალოგებმა, ფიქრებმა თუ მონოლოგებმა, რომლებთაც ტექსტში წააწყდებით. განსაკუთრებით გამოკვეთილად ჩანს ყველა ადამიანური გრძნობა და მათი ურთიერთშეჯახება. მიხვდებით, როგორ უპირისპირდება სამყარო ერთმანეთს არა იმიტომ, რომ არსებობს ესა თუ ის სუბსტანცია, არამედ იმიტომ, რომ არსებობენ განსხვავებული ადამიანები. თქვენ მონაწილე გახდებით დორიანის ავბედითი, ტრაგიკული ცხოვრების, რომელი თავდაპირველად სხვა არაფერი იყო, თუ არა უბრალო და გულუბრყვილო ადამიანის არსებობა. მაგრამ დორიანის ცხოვრებაში ახალი ადამიანები ჩნდებიან, ახალი ცხოვრება და რაც მთავარია სრულიად მოულოდნელი სასწაული, რაც მას საშუალებას არ აძლევს ,,ჩვეულებრივად” იცხოვროს. ის ნარცისიზმის მსხვერპლი ხდება და მისი ცხოვრების წესიც უკიდურესი ჰედონიზმია…
დასასრულ, შემიძია გითხრათ, რომ ფილმი, ,,დორიან გრეის პორტრეტი” საუკეთესოდაა გადაღებული, თუმცა გარკვეული დეტალები შეცვლილია და მაინც გირჩევთ, რომ მხოლოდ ფილმით არ დაკმაყოფილდეთ. ახლა კი ხშირადგადასაკითხავ ფრაზებს შემოგთავაზებთ, რომებიც უკვე ტრადიციად მექცა:
• დორიანი იმდენად ჭკვიანია, რომ არ შეიძლება დროდადრო სისულელე არ ჩაიდინოს.
• ქორწინების მთელი სიმახინჯე იმაშია, რომ ერთ-ერთ მხარეში მაინც აქრობს ეგოიზმს. ეგოიზმის გარეშე კი ადამიანები ინდივიდუალობას კარგავენ.
• თუ გსურს ადამიანის ბუნება დაამახინჯო, მის გარდაქმნასა და გამოსწორებას უნდა შეეცადო.
• ის ადამიანი, ვინც მხოლოდ სხვებთან შეთანხმებით არსებობს, საკუთარ თავთან მუდმივ უთანხმოებაშია.
• ქალები ყველაზე უძვირფასესს, რაც კი ცხოვრებაში გააჩნიათ, მამაკაცებს სწირავენ.
• ქალები ამქვეყნიურ უდიდეს იდეალებსა და საქმეებს შთაგვაგონებენ, მაგრამ ყოველთვის ხელს გვიშლიან მათ განხორციელებაში.
• ჩემს სიყვარულს გულიდან ვერასოდეს ამოიღებ, რადგან მე შენს თვალში ყველა იმ აღსრულებულ ცოდვათა წარმომადგენელი ვარ, რომელთა ჩასადენად შენ გამბედაობა არ გყოფნის.
• ამქვეყნად მხოლოდ ორი ტიპის ადამიანთ ძალუძთ მოხიბლონ და დაატყვევონ გული: რომლებიც მისმის ალღოთი სწვდებიან ცხოვრების ყოველგვარ იდუმალებას და რომელთაც არავითარი წარმოდგენა არ აქვთ ამაზე.
• იმ ადამიანთა ტანჯვა-წამებაში, ვინც მიატოვეს და აღარ უყვართ, ყოველთვის არის რაღაც სასაცილო.
• ქალს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეუძია გარდაქმნას მამაკაცი და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც თავს იმდენად მოაბეზრებს, რომ ამქვეყნიური ცხოვრების ინტერესს სრულიად დაუკარგავს.
• ადამიანი სიკეთეს მხოლოდ ისეთთათვის არ იშურებს, რომელთა მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაშია.
• წვრილმანებით გონების დატვირთვა მდარე გემოვნების პირველი ნიშანია.
• წარსულის მთეი მომხიბვლელობა სწორედ იმაშია, რომ ის წარსულია.
• ქალები ვერასოდეს გრძნობენ, რომ ფარდა დაეშვა, ყოველთვის მეექვსე მოქმედებას მოითხოვენ. მათთვის რომ უფლება მიგვეცა თავისი გზით ევლოთ, ყოველ კომედიას მუდამ ტრაგიკული დასასრული მოჰყვებოდა.
• თუ ქალი მეორედ თხოვდება, მხოლოდ იმიტომ, რომ პირველი ქმარ ეზიზღებოდა, ხოლო თუ მამაკაცი ცოლს მეორედ ირთავს, მაშინ ის უცილოდ პირველ ცოლს აღმერთებდა.
• კაცს შეუძლია ბედნიერი იყოს ყოველ ქალთან, სანამ შეუყვარდება.
• ოქროს სათაყვანო კერპს რომ თიხის ფეხები არ ჰქონდეს, განა ასე ძვირად დავაფასებდით?
• სკეპტიციზმი რწმენის დასაწყისია.