თუკი 10 წლის გოგონა წაიკითხავს ,,ფაუსტს”, ეს სულაც არ მიუთითებს მის გონიერებაზე, მაგრამ თუ 20 წლის გოგონა ეგზიუპერის ,,პატარა უფლისწულს” წაიკითხავს, მაშინ რა შეიძლება ითქვას? – რაღა დროს ,,პატარა უფლისწულია”! მაგრამ რადგან უკვე დავიგვიანე, მაინც არ მინდოდა ეს შანსი ხელიდან გამეშვა. არ გავუშვი და არც ვინანე!

ეგზიუპერის ,,პატარა უფლისწული” ის ნაწარმოებია, რომელიც აუცილებლად გაგხდის უფრო კარგს, ვიდრე იყავი, თუნდაც რამდენიმე წუთით. პირადად მე, მან საშუალება არ მომცა ამაღლებულ გრძნობებზე არ დავფიქრებულიყავი და კიდევ ერთხელ არ მეფიქრა იმაზე, რა ფუჭია ცხოვრება აბსტრაქციების გარეშე. აბსტრაქციაა სიყვარული, მეგობრობა, სიკეთე, თავდადება, ერთგულება, რადგან მათი არსებობის უარყოფას მარტივად შეძლებს ნებისმიერი ,,ინტრიგანი”, თუმცა პირადად მე, უნიჭოდ მივიჩნევ ადამიანს, რომელსაც მხოლოდ იმის არსებობის სწამს, რასაც მხოლოდ შეხების, ან მხედველობის წყალობით აღიქვამს.

პატარა უფლისწული, სხვა პლენეტიდან ჩამოსული მოგზაური იყო, რომელიც წიგნის მთხრობელს უდაბნოში შეხვდა და დაუმეგობრდა. სწორედ მან უამბო, როგორი იყო მისი პლანეტა, მის მეზობლად მყოფი პლანეტები და მათი ბინადარნი. როგორ გახდა მისი მეგობარი დედამიწაზე მელია და ა.შ.

წამოსვლამდე პატარა უფლისწულმა ,,საგუდაგულოდ დაალაგა თავის პლანეტა: გულმოდგინედ ამოწმინდა მოქმედი ვულკანები. მას 2 მოქმედი ვულკანი ჰქონდა. ამ ვულკანების ცეცხლზე ამზადებდა დილით საუზმეს.” ალბათ ხვდებით, რამდენად პატარა იყო  პლანეტა, სადაც ის ცხოვრობდა. J

პატარა უფლისწულს საკუთარ პლანეტაზე ერთი საოცრად ჭირვეული და მგრძნობიარე ვარდიც ჰყავდა, რომელიც, რატომღაც, თავდავიწყებით შეუყვარდა. მაგრამ მისი კაპრიზებით დაღლილმა მიატოვა სახლი და რამდენიმე პლანეტის გავლით, ბოლოს დედამიწაზე ჩამოვიდა. აქ კი ვარდების ბაღში მისი სატრფოს მსგავსი უამრავი ვარდი ნახა, რომელიც არწმუნებდა, რომ ის ერთადერთი იყო მთელ სამყაროში.

ალბათ ყველას დაგაინტერესებთ, მიხვდება თუ არა უფლისწული, რომ მისი ვარდი ერთადერთია და დაბრუნდება თუ არა მასთან. მაგრამ მანამდე, უფრო რომ მოიხიბლოთ, ხშირადგადასაკითხავ ფრაზებს შემოგთავაზებთ, ანუ რამდენიმე ამონარიდს ეგზიუპერის ,,პატარა უფლისწუიდან”.

  • ·         მე ერთი პლანეტა მეგულება, სადაც წითური კაცი ცხოვრობს. მას არასოდეს უყნოსია ყვავილის სურნელება, არასოდეს შეუხედავს ვარსკვლავებისთვის, არასოდეს ყვარებია ვინმე და რიცხვების მიმატება-გამოკლების მეტი არაფერი უკეთებია. მთელი დღე ერთსა და იმავეს იმეორებს: საქმის კაცი ვარ, სერიოზული კაცი ვარო და ამპარტავნულად იბღინძება, მაგრამ კაცი ხომ არ არის. იგი სოკოა!
  • ·         თუ უფროსებს თქვენ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ, რაც მთავარია: როგორი ხმა აქვს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო.
  • ·         უფროსებს რომ ვუთხრათ, ,,ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე გერანი ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანობდნენო”, ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი. მათ ასე უნდა უთხრათ: ,,მე დავინახე სახლი, რომელიც 100 000 ფრანკი ღირს” და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო!
  • ·         საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია, ვიდრე სხვების. თუ შეგიძლია, სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს, ნამდვიი ბრძენი იქნები.
  • ·         მეფეები არასოდეს არ ფლობენ. ისინი მხოლოდ – ,,მეფობენ”.
  • ·         მხოლოდ გული ხედავს ყველაფერს. არსებითი უხილავი რჩება თვალისთვის.
  • ·         -გამარჯობა, – თქვა პატარა უფლისწულმა.

            -გაგიმარჯოს, – უთხრა მედუქნემ.

            სულ ბოლო ხანს გამოგონილ აბებს ყიდდა, რომლებიც წყურვილს უკლავენ კაცს. ჩაყლაპავ ერთს და მთელი კვირა წყურვილი აღარ               შეგაწუხებს.

           -რატომ ყიდი? – ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

           -იმიტომ, რომ ადამიანებს დრო დავაზოგინო. სპეციალისტების გამოანგარიშებით, კვირაში შეიძლება 53 წუთი დაზოგო. 

           -მერედა რა უნდა აკეთო ამ 53 წუთის განმავლობაში?

           -რაც გნებავს.

           ,,53 თავისუფალი წუთი რომ მომცა, – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა, – ანკარა წყაროსკენ გავწევდი”…