პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჯერომ სელინჯერზე საკუთარი აზრი ნათლად ჯერ არ ჩამომიყალიბებია. წავიკითხე მისი რამდენიმე ნაწარმოები და ზოგმა ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედა, ზოგის მიმართ კი აბსოლუტურად გულგრილი დავრჩი. უკანასკნელი განვიცადე ,,ბანანათევზას ამინდის” კითხვის დროსაც. როცა კი მოვახერხე, და ემოციურად ,,ოდნავ მაინც” განვეწყე კითხვისთვის, მოთხრობა დამთავრდა.

სიმართლე გითხრათ არ ვარ ისეთი ნაწარმოებების მოყვარლი, რომელთა მიმდინარეობა რომელიღაც ბოლივუდური ,,შედევრის” სცენარს მაგონებს, თუმცა არც ის მომწონს, როცა მწერალი ბანალურობის თავიდან აცილების მიზნით, მზადაა სრულიად არაადეკვატური და გაუგებარი ფინალი, ან კულმინაცია შემოგვთავაზოს. შესაძლოა ამასაც მეტისმეტად ვაჭარბებ, შესაძლოა ,,ბანანათევზას ამინდი” იმიტომ არ მომეწონა, რომ იმ დღეს თბილისში წვიმდა, ან მაღაზიის ასისტენტმა გამაბრაზა, ან სულაც არ ვიყავი სიმდიდრეების წვდომის განწყობაზე, თუმცა ერთი რამ ცხადია, ამ მოთხრობამ ვერ მოახერხა ჩემი ,,შოკში ჩაგდება”, არადა, რელურად, ჩემნაირი მკითხველის ,,შოკში ჩაგდება” რატომ არ უნდა ეხერხებოდეს ისეთ მწერალს, როგორიც ჯერომ სელინჯერია?

თუ გაინტერესებთ, რამდენად უგემოვნო ვბრძანდები, გადაამოწმეთ და წაიკითხეთ ეს პაწაწინა მოთხრობა, ხოლო თუ უკვე გხვდათ წილად მისი გაცნობის სიამოვნება, თქვენ მიერ გამოხატულ აზრს დიდი ინტერესით მოვისმენ. J

 

Advertisements