ამჯერად შემოგთავაზებთ იმ ეპიზოდებს, რომლებიც ჟან დე ლა ბრუერს ქალებისთვის აქვს მიძღვნილი. შეგახსენებთ იმასაც, რომ წინა პოსტი ადამიანის გონების ნამოქმედარს დაეთმო. (იხილეთ აქ)

  • ქალის მომხიბვლელობის მიმართ ყველას თავისი აზრი აქვს. ხოლო სილამაზე თავისთავად არსებობს და არ ექვემდებარება არც ვინმეს გემოვნებას და არც ვინმეს მოსაზრებას.
  •  გვხვდებიან უკვე დამჭკნარი ქალები, რომლებიც თავიანთი ვნებიანობისა და გარყვნილების შედეგად, ადვილად უკავშირდებიან ხელმოკლე ყმაწვილ კაცებს. არ ვიცი, რომელი უფრო შესაბრალისია, ხანდაზმული დედაკაცი, რომელსაც კურო სჭირდება თუ კურო, რომელსაც ბებრუცუნა მონატრებია.
  •  კაცები არიან მიზეზი იმისა, რომ კაცებს ერთმანეთი არ უყვართ.
  •  ზოგიერთ ქალს მთელი სიცოცხლე ორი სასიყვარულო ურთიერთობა აქვს გაბმული. მათი გაწყვეტა ან შენარჩუნება ერთნაირად უმძიმს. ერთ-ერთ ასეთ კავშირს საქორწინო ბეჭედი აკლია, მეორეს კი სიყვარული.
  •  ეს ქალი ისეთი მშვენიერია, ახალგაზრდა, ამაყი და უკარება, რომ არავის ეპარება ეჭვი, მისი რჩეული ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე გმირი უნდა გახდეს. ნურას უკაცრავად, არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს; უყვარს ერთი არამზადა, საზიზღარი და თანაც უტვინო.
  •  ქალი ირთვება, თუ სატრფოს ელოდება, მაგრამ თუ მოულოდნელად ეწვია, ავიწყდება როგორ აცვია და როგორ გამოიყურება. ხოლო თუ ესტუმრება კაცი, ვის მიმართაც გულგრილადაა განწყობილი, უმალ აგონდება, სათანადოდ გამოწყობილი რომ არ არის, კაბას ისწორებს, ანდა ერთი წუთით გადის, რათა სტუმარს გამოპრანჭული მოევლინოს.
  • როცა ქალს აღარ უყვარს მამაკაცი, იგი ივიწყებს ყველაფერს, თავაზიანობასაც კი, რომელსაც მის მიმართ იჩენდა.
  •  თუ კაცი პატივმოყვარეა, კადნიერი, ენად გაკრეფილი, ხუმარა, აღტაცებულია საკუთარი თავით და სხვებს ზიზღით უყურებს, მომაბეზრებელია, გაფუყული, გაქნილი, სინდისგარეცხილი და ყალთაბანდი, თავში არაფერი უყრია და უხამსია, ლამაზი ცხვირპირიცა და კოხტა ტანიც აქვს, არაფერი აკლია იმისათვის, რომ ქალებს უყვარდეთ.
  •  მეტისმეტია ქმრის საწინააღმდეგოდ აღმართო ორი იარაღი: კეკლუცობა და ღვთისმოსაობა. ერთ-ერთი უნდა აირჩიოს ქალმა.
  •  რამდენიმე მსუბუქი ყოფაქცევის ქალმა მოინდომა ყველასათვის ეჩვენებინა, ვითომდა დიდად პატიოსანი და მორცხვები გახლავართო. მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ ხალხს ათქმევინეს, ერთი შეხედვით ამორძალები გეგონებიანო.
  •  ქალებს მეგობრებზე მეტად ფული უყვარს, ფულზე მეტად საყვარლები.
  •  ქალებს უკიდურესობა ახასიათებთ: ან მამაკაცებზე გაცილებით უკეთესები არიან, ან გაცილებით უარესნი.
  •  სხვისი გამოჯავრება სახიფათოა. ლიზი თითქმის ბებრუცუნაა და ცდილობს მაჩვენოს, რაოდენ სასაცილოა ის ყმაწვილი ქალი. იმის გამოსაჯავრებლად ისე იმანჭება და იბრიცება, ისეთი შესახედავია, რომ შიშსა მგვრის. ეგრე გულის გასახეთქად რომ ვხედავ, ყმაწვილი ქალი მშვენიერი მეჩვენება.
  •  რამდენია ისეთი გოგონა, ვისთვისაც დიდ სილამაზეს დიდი სიმდიდრის მოხვეჭის იმედის გარდა, სხვა არაფერი მოუცია.
  •  ქალი თუ ერთ ვინმეს არ აშორებს ან ვერ უსწორებს თველს, ყველაფერი გასაგებია.
  • ქალი იოლად ლაპარაკობს გრძნობებზე, რომელსაც არ განიცდის, ხოლო მამაკაცი იოლად ლაპარაკობს გრძნობებზე, რომელსაც განიცდის.
  •  ხანდახან ქალი ცდილობს მამაკაცს დაუმალოს მის მიმართ აღძრული ვნება, ხოლო მამაკაცი მას სიყვარულს ეფიცება და არაფერს განიცდის.
  •  რა იქნებოდა გამოეგონებინათ საშუალება იმისა, რომ ცოლს ქმარი შეეყვარებინა.

 

Advertisements