არსებობს თუ არა მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის? იყო თუ არა ბალზაკი მართალი, როცა ამბობდა, რომ კაცი არასოდეს ხდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს მისი საყვარელი გახდეს? რა უფრო ძვირფასია ჩვენთვის, მეგობრობა თუ სიყვარული? რატომ ხდება, რომ ხშირად უმიზეზოდ ვეჭვინობთ? რატომ გვეშინია, რომ რაღაც დამთავრდება ან დაიწყება? რატომაა, რომ გვიყვარდა, მაგრამ რატომღაც აღარაფერს ვგრძნობთ? დამეთანხმებით, ეს თემები ამოუწურავია. ბანალური, თუმცა რას გადავეკიდეთ ამ ბანალურობას, თითქოს რამით იყოს ცუდი ან გაცვეთილი. მოკლედ, მსგავს თემატიკაზე ბევრს საუბრობდა ჟან დე ლა ბრუიერიც და მინდა ახლა სწორედ მისი ნააზრევი შემოგთავასოთ. ბევრს ნამდვილად აღარ ვისაუბრებ მასზე (შეგიძლიათ წინა პოსტები იხილოთ აქ და აქ) და პირდაპირ გადავალ იმ გრძნობებისადმი მიძღვნილ გამონათქვამებზე, როგორიცაა სიყვარული, მეგობრობა, მწუხარება, ბედნიერება, ეჭვიანობა, ქველმოქმედება, მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ესოდენ განმსაზღვრელია ჩვენი ყოფის აუცილებელი არსებობისთვის.

 

  • ·         მეგობრობა შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის და პაწაწინა უწმინდური ზრახვანიც კი არ ახლდეს. და მაინც ქალი კაცში ყოველთვის ხედავს კაცს, და, პირიქით, მამაკაცი ქალში ხედავს ქალს. ამგვარი ურთიერთობა არც მეგობრობად და არც ვნებად არ ჩაითვლება: სულ სხვა სფეროს ეკუთვნის.

    ·         რაც უნდა ჭკუით ექცეოდე მეგობარს, თბილად, ნაზად და გულისხმიერებით ევლებოდე თავს, მრავალი წლის განმავლობაში ვერ მიაღწევ იმას, რასაც ერთ წუთში მიაღწევ სიყვარულში, ერთი ლამაწი მიმიკით,ერთი პატარა გადაწყვეტილებით.

    ·         ჟამთა სვლა მეგობრობას ადუღაბებს, სიყვარულს კი აკნინებს.

    ·         უფრო ხშირია თავგანწირული სიყვარული, ვიდრე უებრო მეგობრობა.

    ·         სიყვარული და მეგობრობა ერთმანეთს გამორიცხავს

  • ·  ისაც დიდი სიყვარული განუცდია, მეგობრობას არაფრად აგდებს, ხოლო ვისაც ყოველივე მეგობრისთვის უნაცვალებია, სიყვარული არ განუცდია.
  • ·         სიყვარულს ისევ სიყვარული წარმოშობს მუდამ. ძლიერი მეგობრობიდან მეტად სუსტი სიყვარული აღმოცენდება.

    ·         ჭეშმარიტად მხოლოდ პირველად გიყვარს.

·         ერთბაშად აღმოცენებული სიყვარული ყველაზე ძნელი განსაკურნია.

  • ·         სიყვარული, რომელიც თანდათანობით, ნელ-ნელა ვითარდება, იმდენად ემსგავსება მეგობრობას, რომ მგზნებარე ვნებად ვერასოდეს გადაიქცევა.

    ·         კაცებს ხშირად სურთ ვინმე შეიყვარონ და ვერ ახერხებენ. სწყურიათ დამარცხება და გამარჯვებას აღწევენ. ამიტომ იძულებულნი ხდებიან თავისუფლად ინავარდონ.

    ·         სიყვარულში რაც უნდა მომთხოვნი იყო, მაინც მეტის პატიება შეგიძლია, ვიდრე მეგობრობაში.

    ·         ქალმა, ვისაც ოდესღაც მგზნებარედ ეტრფოდი სრულიად უიმედოდ, შემდგომ რაც უნდ მნიშვნელოვანი სამსახური გაგიწიოს, მაინც არ იქნები მისი მადლიერი.

    ·         მეგობარს გაანდობ საიდუმლოს, საყვარელთან წამოგცდება.

    ·         მეგობარს ვამჩნევთ ისეთ ნაკლს, რასაც მათთვის მოაქვს ზიანი. საყვარელს ვამჩნევთ ისეთ ნაკლს, რასაც ჩვენთვის მოაქვს ზიანი.

    ·         ადამიანები, რომლებიც არ არიან დარწმუნებულნი სიყვარულში, მხოლოდ თვითონ იტანჯებიან. ეჭვიანები თვითონაც იტანჯებიან და სხვასაც ტანჯავენ.

    ·         ძალა არ შეგვწევს სიყვარული სამარადჟამოდ შევინარჩუნოთ, ანდა არავინ შევიყვაროთ.

    ·         სიყვარულს მოწყენილობა კლავს, დავიწყება კი ასამარებს.

    ·         სიყავრული სისუსტეა.

    ·         უშნო ქალს თუ ვინმე შეიყვარებს, უთუოდ თავდავიწყებით და მგზნებარედ.

    ·         ჩვეულებას აყოლილნი ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებიან, თუმცა მათი ყოველი მოძრაობა მეტყველებს, რომ დიდი ხანია ერთმანეთი აღარ უყვართ.

    ·         თუ ცდილობ დაივიწყო ვინმე, ე.ი. სულ იმაზე ფიქრობ. გრძნობა კი მაშინ გინელდება, როცა შეძლებ სულაც არ იფიქრო მასზე.

    ·         ცდილობ ყოველგვარი ბედნიერება მიანიჭო საყვარელ ადამიანს. თუ ეს ვერ შეძელი – ყოველგვარი უბედურება.

    ·         მისტიროდე იმას, ვინც გიყვარს, გაცილებით მარტივია, ვიდრე ცხოვრობდე იმასთან, ვინც გძულს.

    ·         გულუხვობა ბევრის გაცემას კი არა, დროულად გაცემას ნიშნავს.

    ·         არამგონია უმადურის დახმარება სიკეთედ ითვლებოდეს.

    ·         კაცს მეტი რა უნდა, თუ ერთი გულითადი მეგობარი ჰყავს, მაგრამ რაც უნდა ბევრი მეგობარი გყავდეს, არასოდეს მოგჭარბდება, თუკი შენს გულს სხვების დახმარება სწადია.

    ·         თუ ყველაფერი მოიმოქმედე, რათა ზოგიერთი კაცის გული მოგეგო  და ვერაფერს მიაღწიე, დაგრჩენია კიდევ ერთი საშუალება – აღარეფერი გააკეთო.

    ·         ზოგიერთი ისე მგზნებარედ და დაჟინებით იღვწის მიზნის მისაღწევად, რომ იმის შიშით, ვაითუ სურვილი ვერ შევისრულოო, ყველაფერს აკეთებს, რათა მართლაც ვერ შეისრულოს.

    ·         მანამ უნდა ვიცინოთ, სანამ ბედნიერად ვიგრძნობდეთ თავს, თორემ შეიძლება ისე აღმოგვხდეს სული, რომ ერთხელაც ვერ გავიცინოთ.

    ·         ჩვენ უფრო და უფრო სათუთი გრძნობებით ვიმსჭვალებით იმის მიმართ, ვისაც სიკეთით ვავსებთ. ჭირის დღესავით კი გვძულს ის, ვისთვისაც მძიმე შეურაცხყოფა მიგვიყენებია.

    ·         ისევე ძნელია შეურაცხყოფა უმალ გადაყლაპო, როგორც ძნელია მრავალი წლის განმავლობაში გახსოვდეს იგი.

    ·         არასოდეს უთქვამს ვინმეს, პატივმოყვარე ვიყავიო. კაცი პატივმოყვარე ან საერთოს არ არის, ან ყოველთვის არის. მაგრამ დგება დრო, როცა ყველა გულახდილად ვამბობთ, რომ სიყვარულით გვიცემდა გული.

    ·         გულით უფრო ადვილად და სიამოვნებით უახლოვდებიან ადამიანები ერთმანეთს, ვიდრე გონებით.

    ·         ქვეყნად არ არსებობს უფრო მშვენიერი სიჭარბე, ვიდრე სიჭარბე მადლიერებისა.

    ·         ვკითხულობთ სულის საცხონებელ წიგნებს და გული გვიჩუყდება. ვკითხულობთ სატრფიალო წიგნებს და მღელვარება გვიპყრობს. გავბედავ და ვიტყვი, მხოლოდ გულს ძალუძს შეიცნოს და შეარიგოს ურთიერთსაწინააღმდეგო, შეუთავსებელი გრძნობები.

  •  პ.ს. პირველი ფოტო ეკუთვნის ჩემს საუკეთესო მეგობრებს. ის პოსტში გამოქვეყნე იმ ნამდვილი მეგობრობის არსებობის დასტურად, რაც შეიძლება არსებობდეს ქალსა და მამაკაცს შორის.

Advertisements