თუ თქვენ ოდესმე პიაცა სან მარკოზე ჩაისეირნებთ და კაფე ,,ფლორიანის” ერთ-ერთ მაგიდას მიუჯდებით, არ იჩქაროთ სასტუმროში წასვლა. თქვენ თომას მანი არ ხართ, თუმცა შესაძლოა მასსვით  გაგიმართლოთ და ისეთ საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, როგორიც ის უცნობი იყო, მანს რომ თავის გულწრფელობით სული აუფორიაქა.                                                                                                          

ასეთმა ადამიანმა, შესაძლოა ნებისმიერ ტურისტს გაუცრუოს იმედი, რომელიც პირველად მოხვდა ვენეციაში, რადგან ის წამით მაინც დაგარწმუნებთ, რომ ქვეყნად ყველაფერი სულერთია და ცხოვრება გაცრუებული იმედის გროვაა. ,,ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებისგან და ბუნდოვანი წარმოდგენებისგან შემდგარი წუთისოფელი” ენითაუწერელ ტანჯვას გვპირდება.                                                                                                            

უცნობმა ცხოვრებისგან  რაღაც დიდის მოლოდინი პოეტების ნაწარმოებებიდან შეითვისა, თუმცა მალევე შეძულდა ისინი, რადგან მიხვდა, რომ  ,,თავიანთ მაღალფარდოვან სიტყვებს აბნევენ ყველგან, სადაც ხელი მიწვდებათ, ხოლო რომ შეეძლოთ, ვეზუვში ჩაწებული კედრით ცის კაბადონზე მიაწრდნენ თავიანთ სიბრძნეს.” – მას კი არ შეეძლო ყოველი ასეთი სიტყვა დიდ სიცრუედ და ბოროტ დაცინვად არ მიეჩნია.

 ისე, როგორც ყოველთვის, დღესაც სასიამოვნოდ გამაოცა თომას მანმა. რადგან პირადად მე, სწორედ დღეს მჭირდებოდა იმის შეგრძნება, რომ ყველაფერს შეიძლება დაუკარგო ღირებულება, რადგან ის სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოებისგან მიკერილი ფასი სხვადასხვა ,,სათნოებებზე”. ჩვენ არაფერი ვიცით ნამდვილი ფასების შესახებ – შესაბამისად ფასეულობების! მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მანის მიერ დახატულმა უცნობმა ჩემი მოწონება დაიმსახურა. ეს მხოლოდ წამიერი გატაცება იყო, მე ის არასოდეს შემიყვარდებოდა! J

ახლა არ დავარღვევ ტრადიციას და რამდენიმე ფრაზას შემოგთავაზებთ ამ პატარა მოთხრობიდან:

,,აღფრთოვანებულმა პოეტებმა მიმღერეს, ადამიანის ენა ღარიბიაო. ენა, ჩემი აზრით, მდიდარია, აუწერლად მდიდარი, ცხოვრების შეზღუდულობასა და უმწეობასთან შედარებით. ”                                                                                                                                                            

,,ტკივილს აქვს თავისი საზღვრები: ფიზიკურს – გულის წასვლამდე, სულიერს – სიგიჟემდე, ბედნიერებაც ასევეა. ადამიანთა ურთიერთგაგებინების მოთხოვნილებემ ბგერები გამოიგონა, რომლებსაც მოტყუებით  გავყავართ ამ საზღვრების მიღმა. განა ჩემი ბრალია, რომ ეს სიტყვები ზურგის ტვინამდე ჩამდევს და ისეთ წარმოდგენებს მიღვიძებს, რაც საერთოს არ არსებობს?”

,,მე დავეხეტებოდი დედამიწის ქებული ადგილებისა და ხელოვნების ქმნილებათა სანახავად, რომელთა წინაშეც მოწიწებით ქედს იხრის კაცობრიობა. მე ვმდგარვარ ამ ქმნილებათა წინ და მითქვამს: მშვენიერია! და მაინც, ნუთუ არ არსებობს ამაზე მეტი მშვენიერება? ნუთუ ესაა ყველაფერი?”                                                                                

,,მაგონდება ის დღე, როცა პირველად ვიხილე ზღვა. იგი უზარმაზარია და უკიდეგანო. ჩემი მზერა ნაპირს გასცდა და ხსნის იმედი დამებადა, მაგრამ შორს ჰორიზონტმა უზარმაზარი ზღვაც შემოფარგლა. რად მინდოდა ფორიზონტი, როცა ცხოვრებისგან უსასრულობას მოველოდი?”                                                                                                  

,,არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისე მედიდურნი არიან, ისე მოწყურებულნი ღრმა პატივისცემას და სხვებში მეშურნეობის გაღვიძებას, რომ თავს დებენ, თითქოს მხოლოდ უდიდესი ბედნიერება განუცდიათ და არასოდეს დატანჯულან.”

თუმცა მიუხედავად ამ ღრმა დეპრესიისა, ის ოცნებობს ცხოვრებაზე, სადაც აღარ იარსებებს ჰორიზონტი. ოცნებობს სიკვდილზე, თუმცა ჰგონია, რომ ისიც კი იმედს გაუცრუებს, რადგან სჯერა, უკანასკნელ სიტყვებშიც ეტყვის საკუთარ თავს – ,,ეს არის სიკვდილი? აი ესეც! კაცმა რომ თქვას, რა არის მერე?” მიმაჩნია, რომ დანაშაულიც კი იქნება ცხოვრებგან უსასრულობას არ ველოდეთ, ჰორიზონტი თვალსაწიერს ფარგლავს, თუმცა ,,ჰორიზონტს მიღმა კიდევ ერთი ჰორიზონტია”. ეს  უკანასკნელი სიტყვები  ჩემი მეგობარის გვანცა ერაძის ლექსის ნაწილია. მას არ წაუკითხავს თომას მანი, მაგრამ ამ ყველაფერზე მისი შეგონებების გარეშეც დაფიქრებულა. ჰოდა რადგან ვახსენე, დავასრულებ კიდეც ჩემს  პოსტს ამ ლექსით.

 „ჰორიზონტს მიღმა კიდევ ერთი ჰორიზონტია“

ასე გრძელდება დიდხანს, მაგრამ არა მარადის,

სანამ მივხვდებით- „ის უბრალოდ ლურჯი ზოლია“…

ჰორიზონტს მიღმა კიდევ  ერთი ჰორიზონტია…

ერთხელ აფრასაც მოსწყინდება ზღვაზე ფრიალი,

ერთხელ თოლიაც დაიღლება იქ ხეტიალით,

ყველაზე „ახლო“ მათთვისაც ხომ „შორზე“  შორია…

ჰორიზონტს მიღმა კიდევ ერთი ჰორიზონტია…

 

Advertisements