ხომ მოგატყუეს, ჩემო ოცნებავ,

ხომ მოგაშორეს ცას და მზიანეთს.

და ჩვენო ვნებაც, ფარული დიდხანს,

ხომ სულ სხვა ქარებს გავუზიარეთ?!

ხომ სულ სხვას ვწერდით, ხოლო ჩვენს ნერგებს,

სულ სხვანაირი რტოები ჰქონდა,

ციცინათელას მზედ გვაჩვენებდნენ,

ალვის ხეებად ბალბას და ქონდარს.

გულს მჯიღს ვიცემდით მამულისათვის,

ღმერთქალის სახეს მარგებდნენ ნიღბად,

რაც მიმართლებდა, თავს ვაბრალებდი,

რაც მიმტყუნებდა – ბედსა და იღბალს.

ფეხთ მეგებოდნენ ქონდრის კაცები

და მთავაზობდნენ კაკლების ჩეროს

ამ მოგონილი ბედნიერებით,

ხომ გაიხარე, ოცნებავ ჩემო.

მაყვალა გონაშვილი