შაგრენის ტყავი კვირის პალიტრის გამომცემლობიდან წავიკითხე, გერონტი ქიქოძის თარგმანი. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი წიგნია. წიგნი, რომლიდანაც საკმაოდ ბევრი ხშირადგადასაკითხავი მარგალიტი შემომრჩა. უნდა ვაღიარო, ბოლო ნაწილში აღწერილმა ტრაგიკული სიყვარულის სცენებმა ვერ გამოიწვია ჩემი აღფრთოვანება, თუმცა საერთო ჯამში წიგნი იმდენად ღირებულია, რომ ავიტანე ეს ზედმეტი რომანტიზმიც.

,,შაგგრენის ტყავის” შინაარს რაც შეეხება (შესაძლოა იცოდეთ კიდეც წინა პოსტებიდან, რომ მე ძალიან არ მიყვარს შინაარსზე ყურადღების გამახვილება), მთავარი გმირი ახალგაზრდა ,,ყამაწვილია”, რომელსაც თვითმკვლელობისკენ მიმავალ გზაზე საბედისწერო ამბავი შეემთხვევა და შაგრენის ტყავის მფლობელი გახდება. ეს ტყავი მას დაუბრუნებს სიცოცხლის წყურვილს, ის იგემებს სიყვარულს, ტკბობას, ბედნიერებას, მაგრამ ამავე დროს საოცარ ტანჯვას, მღელვარებას და რაც მთავარია, მისი ყოველი სურვილი მისივე სიცოცხლის მტერი გახდება. ნებისმიერი სახის სიამოვნება მისთვის დაკარგული დრო, დაკარგული სიცოცხლის ნაწილია. ის შეიცნობს ცხოვრებას, ჭეშმარიტებას, თუმცა საკუთარი სიცოცხლის ფასად. აი, რა ეწერა შაგრენის ტყავზე: ,,მე თუ მფლობ, ყოველივეს მფლობელი იქნები. მაგრამ შენი ცხოვრება ჩემი იქნება. ღმერთმა ასე ინება. ისურვე, და შენი სურვილები შენს ცხოვრებას შეუფარდე. ეს ცხოვრება აქ არის. ყოველი შენი სურვილის შემდეგ მე ისევე შემმცირდები, როგორც შენი სურვილები შემცირდებიან. გინდივარ თუ არა?”

ნებისმიერ თქვენგანს ვურჩევდი, წაეკითხა ეს წიგნი და დამტკბარიყო მისით. ის არა მარტო დიდ სიამოვნებას მოგიტანთ, დიდ გამოცდილებასაც შეგძენთ. ამიტომ, გილოცავთ მათ, ,,ვისაც ჯერ კიდევ წინ გაქვთ პირველად წაკითხვის ბედნიერება”! 

ხშირადგადასაკითხავი ფრაზები

  • მე მესმის, რომ კაცი სათამაშოდ მიდიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროს უნდა მოხდეს, როცა ის თავის თავსა და სიკვდილს შორის არაფერს ხედავს, გარდა უკანასკნელი ხუთფრანკიანისა.
  • ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა.
  • შეყვარებულს სურს, თავის სატრფო აბრეშუმში გაახვიოს. უმეტეს შემთხვევაში კი მის სხეულს ჭუჭყიან ლოგინზე ეუფლება.
  • განა ჯალათებს არ უტირიათ ქალწულთა დანახვაზე, რომელთა ქერა თავები გილიოტინის ქვეშ უნდა დაყრილიყო?
  • ყოველი თვითმკვლელობა მელანქოლიის ამაღლებული პოემაა.
  • რა არის სიგიჟე, თუ არა სურვილისა და ძალის სიჭარბე?
  • ადამიანი იშრიტება ორ ინსტიქტურად შესრულებულ აქტში, რომელიც აშრობს მისი არსებობის წყაროებს. ორი სიტყვა გამოხატავს ყოველ ფორმას: სურვილი და ძალა. ადამიანური მოქმედების ამ ორ საზღვარს შორის არსებობს კიდევ სხვა ფორმულა, რომელსაც ბრძენი ადამიანები ფლობენ – ცოდნა. სურვილი გვწვავს, ძალა გვანადგურებს, მაგრამ ცოდნა ჩვენს სუსტ ორგანიზმს მუდმივი მშვიდობიანობის მდგომარეობაში ტოვებს.
  • ჩემი სიცოცხლე მოვათავსე არა გულში, რომელიც ტყდება, არა გრძნობაში, რომელიც ჩლუნგდება, არამედ ტვინში, რომელიც არ ცვდება. მე ყველაფერს იმიტომ მივაღწიე, რომ ბოლოს ყველაფერი უგულვებელვყავი.
  • ჩემი პატივმოყვარეობის ერთადერთი საგანი დანახვა იყო. რა გვრჩება ხელში მატერიალური მფლობელობიდან? მხოლოდ აზრი. არასოდეს არაფერი მომისურვებია, მხოლოდ ველოდი. სამყაროში ისე ვსეირნობდი, თითქოს ჩემი საკუთარი ბაღი ყოფიიყოს.
  • რასაც ადამიანები მწუხარებას, სიხარულს, პატივმოყვარეობას, მარცხს, კაეშანს უწოდებენ, ჩემთვის მხოლოდ იდეების, რომელსაც მე ოცნებად ვაქცევ.
  • სამარცხვინო მონარქია, დამხობილი ხალხის გმირული თავგანწირვის წყალობით, ცუდი ყოფაქცევის დედაკაცი იყო. მასთან შეიძლებოდა სიცილიც და ქეიფიც. მაგრამ სამშობლო ჭირვეული და სათნო ცოლია, გინდა თუ არა, მისი გამოზომილი ალერსი უნდა მიიღო.
  • ემილი ჟურნალისტი იყო, მას უქმად ყოფნით მეტი სახელი ფქონდა მოხვეჭილი, ვიდრე სხვები წარმატებით იხვეჭენ. იგი გაბედული, შთაგონებული და გესლიანი კრიტიკოსი იყო. მისი ღირსებანი ადვილად ასატას ხდიდნენ მის ნაკლთ. გულახდილი და დამცინავი იყო. მეგობარს პირში ათას ეპიგრამას მიახლიდა, მაგრამ თამამად და პატიოსნად იცავდა პირს უკან. ყველაფერს დასცინოდა, თვით თავის მომავალს. ფული არასოდეს ჰქონდა. ზარმაცი იყო, როგორც ყოველი ნიჭიერი კაცი. ერთ მოსწრებულ სიტყვაში მთელი წიგნის შინაარს დებდა და ცხვირ-პირში ესროდა ადამიანებს, რომელთაც ერთი სიტყვის ჩადება არ სურთ მთელ წიგნში. უამრავ აღქმას იძლეოდა და არაფერს ახორციელებდა. სახრჩობელაზე წავიდოდა მეგობრის გულისთვის. ცინიკოსი იყო, მაგრამ ამასთან ბავშვივით მეამიტი. მუშაობდა მხოლოდ ჟინის ან გაჭირვების კარნახით.
  • ჭეშმარიტების ლიკვიდაცია რომ მოგვეხდინა, შიძნება აღმოგვეჩინა, რომ იგი გაკოტრებულია.
  • თავისუფლება ანარქიას შობს, ანარქია-დესპოტიზმს. დესპიტიზმი-თავისუფლებას. მილიონობით არსება დაიღუპა ისე, რომ ვერც ერთ ამ სისტემას ვერ გაამარჯვებინა. განა ეს მოჯადოებული წრე არ არის, რომელშიც მუდამ იტრიალებს მორალური სამყარო?
  • როცა ადამიანს ჰგონია სრულყოფილებას მივაღწიეო, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ნივთები გადაულაგებია. დიდება ცუდი საქონელია: ძვირად იყიდება და ცუდად ინახება.
  • განა დიდება დიდი ადამიანების ეგოიზმი არაა, როგორც ბედნიერებაა სულელების ეგოიზმი?
  • ადამიანი ჯამბაზია, რომელიც თოკზე ცეკვავს უფსკრულის პირას.
  • დესპოტიზმი არალეგალურად დიდ საქმეებს აკეთებს. თავისუფლება კი თავს არ იწუხებს, პატარა საქმეები მაინც გააკეთოს ლეგალურად.
  • აბსოლუტურ თავისუფლებას ერები თვითმკვლელობისკენ მიჰყავს.
  • მე მირჩევნია ჩემი სატრფო საფლავში იწვეს, ვიდრემეტოქე ქალის ლოგინში.
  • სათნოება მახინჯებსა და კუზიანებს ჰქონდეთ. რაღა იქნებოდნენ ეს საბრალონი მის გარეშე?
  • ქალებს არ უყვართ, როცა მოწყალებას თხოვენ.
  • ვინც მხოლოდ ცხოვრების მატერიალურ მოვლენებს ეხება, იგი ქრონოლოგიას წერს. ე.ი. უგუნურთა ისტორიას.
  • ნიჭი დღეჩაგდებულ ციებცხელებას ჰგავს. არც ერთ ქალს არ სურს ეს ავადმყოფობა განიცადოს. ყველას პატივმოყვარეობის დამაკმაყოფილებელი საგნის აღმოჩენა უნდა თავის საყვარელში.
  • ქალები ნიჭიერ ადამიანებში მხოლოდ ნაკლს ხედავენ, უგუნურში – მხოლოდ ღირსებას.
  • ღარიბი, დიდი ადამიანისათვის საკმარისი არაა განყენებული სიყვარული. ის სრულ თავგანწირვას მოითხოვს. პატარა არსებებს თავგანწირვა არ აქვთ – ისინი მას სხვებისგან მოითხოვენ. სიყვარულში მხოლოდ ძალაუფლებით გამოწვეულ სიამოვნებას ხედავენ და არა მორჩილებით გამოწვეულს.
  • სამწუხაროდ, ფული არასოდეს გვაკლია ჩვენი ჟინის დასაკმაყოფილებლად. ხოლო სასარგებლო და აუცილებელი საგნების ფასზე ვბჭობთ. უდარდელად ოქროს ვესვრით მოცეკვავე ქალს და ვევაჭრებით მუშას, რომლის დამშეული ოჯახი ბეჩავი გასამრჯელოს მიღებას ელის.
  • თუ ქალი არავის ნებდება, სურს ყველა შეინარჩუნოს.
  • მთელი სიცოცხლე სიყვარულის ერთ წუთშია მოქცეული.
  • ერთადერთი, რაც ნებადართულია ადამიანისთვის, ესაა შეიგნოს ის, რასაც ვერასოდეს შეიგნებს.
  • ძალაუფლების ხელში ჩაგდება არ გვაძლევს მისი გამოყენების ფლობას. სკიპტრა სათამაშოა ბავშვისთვის, ხოლო ნაპოლეონისთვის დედამიწის ასაწევ ოწინარს წარმოადგენდა.”