კობობ აბეს ,,ქალი ქვიშაში” საუკეთესო მეგობრებმა მაჩუქეს დაბადების დღეზე. მოკლედ რომ ვთქა, შესანიშნავი საჩუქარი გამოდგა, წიგნი მართლაც იმსახურებს შექებას. მე ის მომეწონა, კმაყოფილი დავრჩი, მისი სახით მსუყე სადილი გადავსანსლე. სუსტი სასუნთქი გზები მაქვს და ზოგჯერ სუნთქვა მიჭირს, განსაკუთრებით დახუთულ სივრცეში და ა.შ. როცა ამ წიგნს ვკითხულობდი, პირველი რამდენიმე გვერდი ჩემთვის ტანჯვა აღმოჩნდა იქ აღწერილი გარემოს გამო. მივაწერე კიდეც ფურცლებს, რომ ჩემნაირი ფილტვების პატრონისთვის, ან უბრალოდ კლაუსტროფობებისთვის ეს წიგნი განკუთვნილი არაა, თუმცა მცირეოდენი ადაპტაციის შემდეგ მივეჩვიე დაუსრულებელ ქვიშას, სიცხეს, კანის სიწითლეს… ყველაფერი ეს მეორეხარისხოვანი გახდა და წინა პლანზე სხვა, უფრო მნიშვნელოვანმა მოვლენებმა წამოიწია. 

წიგნი მოგვითხრობს იაპონელი ნიკი ძიუმპეის ამბავს, რომელიც სკოლის მასწავლებელია, თუმცა გატაცებულია მწერების შეგროვებით. ის ასევე იკვლევდა ქვიშის თვისებებს და სწორედ ისეთი მწერების საძიებლად გაეშურა, რომლებიც ქვიშაში ბინადრობდნენ. მას სურდა დაეტყვევებინა ქვიშის რომელიმე ბინადარი, თუმცა თვად გახდა ტყვე. ნიკის დაუჯერებელი ამბავი გადახდება, ყოვლად პრიმიტიული ეჩვენება თავად ფაქტი, რომ 20-ე საუკუნეში ასეთი რამ შესაძლებელია, თუმცა ფაქტი სახეზეა – ის იძულებულია იცხოვროს ქვიშაში ქალთან ერთად და შეეგუოს არსებულ სიტუაციას. როგორ მოიქცეოდა რომელიმე თქვენგანი, მოგზაურობის დროს თავი ორმოში რომ ამოეყო? – ზოგი ალბათ თავს მოიკლავდით, სხვები შეეგუებოდით ყველაფერს და ახალ ცხოვრებას შეუდგებოდით, დეპრესიაში ჩავარდებოდით, ან კმაყოფილნი იქნებოდით საინტერესო სიახლით და რომანის წერას მიჰყოფდით ხელს. მაგრამ ძალიან ბევრია თქვენს შორის ისეთი, ვინც ყველა ღონეს იხმარდა, ცდას არ დააკლებდა და თავს დააღწევდა არსებულ სიტუაციას, რათა უკეთესად ეცხოვრა, სწორედ ამ უკანასკნელ რიგებს მიეწერება ნიკიც. ის შეუძლებელს ცდილობდა, ყოველ დღე ახალი იმედი, ახალი გზა ესახებოდა. გაინტერესებთ დააღწევს თუ არა თავს და დაუბრუნდება თუ არა სკოლასა და მწერებს? – წაიკითხეთ ის და ყველაფერი ჩემზე უკეთ გეცოდინებათ.

ხშირადგადასაკითხავი ფრაზები

  • ქვიშადაფქვეული ქალის ცქერა საამოა, მაგრამ საეჭვოა სასიამოვნო იყოს.
  • ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ხშირად ისე უბრაოდ გამოიყურება, სისულელე გეგონება
  • ოცი წლის მამაკაცს აზრები აგზნებს, ორმოცი წლისას – კანი, ხოლო ოცდაათი წლის ადამიანისთვის ყველაზე საშიშია, როცა ქალი სილუეტად გადაიქცევა.
  • ცივილიზაციის დონე კანის სისუფთავის ხარისხის პროპორციულია.
  • დასაღუპად განწირულ გემზე მყოფ ადამიანებს უფრო იმის შიში ანადგურებთ, რომ საჭმელი და სასმელი არ ეყოფათ და არა შიმშილ-წყურვილი.
  • როცა ბრძოლა მთავრდება, იარაღი ტვირთად იქცევა ხოლმე
  • სიყვარულია ის, რაც გამორიცხვის მეთოდით აკრძალვაზე უარის თქმის შედეგად რჩება. თუ ეს არ გჯერა, მაშასადამე არაფერი გჯერა.
  • მოდი, ყოველ დილით გულმოდგინეთ ვაუთოოთ სიყვარული. ის ოდნავ თუა გაცვეთილი, ძველდება… მაგრამ ნაკეცებს დაასწორებ და კვლავ ახალს დაემსგავსება. როგორც კი ახალი გახდება, მაშინვე დაიწყებს დაწველებას… განა ვინმე ვალდებული სერიოზულად მოუსმინოს მსგავს უხამსობას?
  • თავისუფალი სიყვარულის მქადაგებელნი მხოლოდ უკიდურესად რაციონალურს ხდიან ურთიერთძალადობას. მაგრამ თავისუფლება, რომლის დროსაც ნიადაგ ვწუხვართ ცუდად ჩამოწეულ ფარდებზე, მხოლოდ ფსიქიკურ აშლილობას იწვევს.
  • ადამიანს რკინის ჭიშკარი და ყრუ კედლები კი არა, კარებში გაკეთებული პატარა საჭვრეტი აგრძნობინებს ყველაზე მეტად, რომ საპატიმროშია.
  • მოულოდნელ გადაწყვეტილებებს გაცილებით მეტი წარმატება მოჰყვება ხოლმე, ვიდრე იმათ, რომელთაც დაუსრულებლად უკირკიტებენ და წონიან.
  • სომარტოვე – ეს ოცნების დაუოკებელი წყურვილია.
  • შეგუებას გარკვეული ზღვარი აქვს. თანაც იგი საშუალება უნდა იყოს და არამც და არამც მიზანი. კარგია ზამთრის ძილზე ლაპარაკი, მაგრამ განა შეიძლება სამუდამოდ ჩაიკლა სინათლეზე გამოსვლის სურვილი?
  • თავშეკავება სრულიადაც არ ნიშნავს მარცხს… პირიქით, როცა მოთმინებას ისე აღიქვამ, როგორც მარცხს, ნამდვილი მარცხი სწორედ მაშინ იწყება.
  • მხოლოდ გემის დაღუპვისას სასწაულად გადარჩენილს შეუძლია გაიგოს იმ ადამიანის ფსიქოლოგია, ვისაც უკვე იმისთვის ეცინება, რომ სუნთქავს.
Advertisements