არსებობს „უხეში“ სიტყვები, „ორაზროვანი“, „ძნელი და ბნელი“ სიტყვები. არსებობს „შხამიანი“ სიტყვებიც და არსებობს „დაშაქრული“ სიტყვებიც… წარმოგიდგენიათ, როგორი შეიძლება იყოს „ჰაერში გამოკიდებული სიტყვები“ ?! ან რა ძალა სჭირდება სიტყვებთან ჭიდილს?  სწორედ „სიტყვები“ შეურჩია ჟან–პოლ სარტრმა თავის ერთ–ერთ ნაწარმოებს.  200 გვერდიანი თხზულება ორი ნაწილისგან შედგება– „ვკითხულობ“ და „ვწერ“.  იმის პარალელურად, თუ როგორ აღმოაჩინა პატარა პულუმ (ჟან–პოლ სარტრის ბავშვობის სახელი)  წიგნების კითხვისაგან წარმოქმნილი საკუთარი სამყარო, წიგნი იმასაც მოგვითხრობს, თუ რა ადგილი უჭირავს კითხვას იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც წერა აქვს გადაწყვეტილი.

„სიტყვები“ ბიოგრაფიული ჟანრის თხზულებაა, თუმცა არა ისეთი მშრალი და ფაქტობრივი ინფორმაციით დატვირთული, როგორსაც „ბიოგრაფიის“ ხსენებისას წარმოვიდგენთ.    „ათი წლისა რომ ვიყავი, სხვა მისწრაფება არ მქონია; მინდოდა, ჩემი სიცოცხლის ყოველი რგოლი უეცრად აღმოცენებულიყო და ახალი საღებავის სუნი ჰქონოდა“– ფიქრობდა სარტრი და ასეც მოხდა, საზოგადოება არაერთხელ გაოცებულა მისი ნაბიჯებით, მკითხველი კი – მისი სიტყვებით. თუნდაც მხოლოდ ის რად ღირს, რომ 1964 წელს მან ნობელის პრემიაზე განაცხადა უარი.

„მან გადამტყორცნა ლიტერატურაში იმით, რომ ზედმეტი გულმოდგინებით ცდილობდა მასზე გული აეცრუებინა ჩემთვის“. გაინტერესებთ ვინ იყო ეს ადამიანი?… ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად განსაზღვრა სარტრის მომავალი და პიროვნების ჩამოყალიბება? მაშინ წაიკითხეთ „სიტყვები“… 

და ბოლოს, ფრაზები, რომლებიც საინტერესოდ ჟღერს:

„სიკვდილი ჯერ კიდევ ყველაფერი როდია, მთავარია დროულად მოკვდე“.

„კარგი მამები არ არსებობენ– ასეთია წესი.“

„მბრძანებლობა და მორჩილება არსებითად ერთი და იგივეა, ყველაზე სრულუფლებიანი ადამიანიც კი ყოველთვის სხვისი სახელით მბრძანებლობს.“

„ჩვენი სიცოცხლე ცერემონიების გრძელი ჯაჭვია და მთელი დრო იმას უნდება, რომ პატივი ვცეთ ერთმანეთს.“

„ჩვენს გრძნობებზე ყველაფერი შეიძლება ვიცოდეთ, გარდა იმისა, თუ რამდენად ძლიერნი, ესე იგი რამდენად გულწრფელნი არიან.“

„მარტო ის კი არ კმარა თვალები გქონდეს, მათი გამოყენებაც უნდა შეგეძლოს.“

„დიდი მწერლები მოხეტიალე რაინდებს ჰგვანან, რადგან ერთნიცა და მეორენიც მხურვალე მადლობის გრძნობას იმსახურებენ.“

„რაგინდ ღრმა უნდა იყოს რწმენა, იგი არასოდეს სრული არ არის, მისი განმტკიცება მუდამ საჭიროა, ან, ყოველ შემთხვევაში, განადგურებისაგან დაცვა მაინც. “

ეს პოსტი ჩემ მეგობარს ეკუთვნის. ჩვენ გადავწყვიტეთ ვითანამშრომლოთ. ამიტომ, დღეიდან იმ წიგნებზეც დავდებ ინფორმაციას, რომელსაც მეგობარი მკითხველი მოგვაწვდის. იმედია, ის ყველასთვის საინტერესო იქნება.

Advertisements