მარკესი – მაგია თუ რეალობა?

 

 „მრავალი წლის მერე, დასახვრეტად მდგარი აურელიანო ბუენდია თვალნათლივ  გაიხსენებდა იმ ერთ საღამოს, მამამისმა რომ ყინულის სანახავად წაიყვანა“.

                            (მარტოობის 100 წელი – დასაწყისი)

 

მაშინ ერთი მითქმა–მოთქმა იყო ატეხილი მარკესის „მარტოობის ასი წელი“ ესაო და ისაო, ზოგი ამბობდა, მისი წაუკითხავობა როგორ იქნებაო, ზოგიც– კარგით რა, რომელი კლასიკოსი კი მარკესი მყავსო. ამ ამბებმა ჩემს ყურებამდეც მოაღწია და სწორედ ამის შედეგად ვთხოვე დაჟინებით დედას– თავისი სკოლის ბიბლიოთეკიდან (რომელიც იმ წელს ათეულამდე წიგნით გამდიდრდა) ჩემთვის ზემოთხსენებული წიგნი მოეტანა. ვიცოდი, რომ  დროში შეზღუდული ვიყავი და 1 კვირიანი ლიმიტი უნდა მეკმარა ამ არც თუ ისე თხელტანიანი ნაწარმოების წასაკითხად. ჰოდა, ასე ფაცი–ფუცით ჩავსახლდი მაკონდოში მაშინ, როცა მხოლოდ და მხოლოდ 15–ით აღინიშნებოდა ჩემი ასაკი. იქნებ, სწორედ ამიტომაც დარჩა ჩემთვის დღემდე ეს წიგნი ზღაპრად დაწერილ რომანად?! ვინ გაიგებს.

რამდენიმე წლის შემდგომ, ვისი ტელეფონის გალერია არ უნდა მოგენახულებიათ, რომ შიგნით mp3 ფაილად შექმნილ სიტყვებს არ შეხვედროდით  თემით– ბოლო სიტყვა ანუ „თუ ღმერთი, ცოტა ხნით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი თოჯინა და“  ა.შ. ამ  ვრცელი და სიკვდილ–სიცოცხლეზე დამაფიქრებელი, ერთობ გულშიჩამწვდომი მონოლოგის ავტორობა კი რატომღაც სწორედ გაბრიელ გარსია მარკესს მიეწერა.

მე კი, ვინც ამ სიტყვების სულგანაბულ მსენელთა რიგებს მივეკუთვნებოდი, მხოლოდ დღეს აღმოვაჩინე, რომ თურმე ნუ იტყვით,  მარკესი კი არა, ეს სიტყვები  ვინმე ჯონ უელცმა დაწერა თავისი თოჯინის, დონ მოფლესისათვის. არა, მართალია, მარკესი უკეთესად ჟღერს, მით უფრო გაბრიელ და გარსია, მაგრამ ვერაფერი ხეირი ჩემთვის.

რახან რუბენ პელაიოს მიერ შექმნილმა მარკესის ბიოგრაფიამ ჩემში ძველი მოგონებები გააღვიძა, ახალი შთაბეჭდილებები შემიქმნა და ახლებური ხედვა გამიჩინა ძველად წაკითხულ მარტოობის ას წელზე– ვგონებ, სათქმელი ბევრი დამრჩა. თუ არ ჩავთვლით გაბოს იდუმალებით მოცულ, თუმცა ერთობ საინტერესო კავშირსა თუ ურთიერთობას ფიდელ კასტროსთან,  სკანდალურ ფაქტს მარიო ვარგას ლიოსას მიერ ჩალურჯებულ თვალთან დაკავშირებით, პაბლო ნერუდას განთავისუფლება– არგანთავისუფლებაში შეტანილ წვლილსა და სიცოცხლის ბოლომდე შერჩენილ მეგობრობას მამა კამილო ტორესთან და პლინიო აპულეიო მენდოსასთან, მისი ცხოვრების ერთობ საინტერესო პერიოდი მის ბავშვობას, არაკატაკასა და „პაპალელოს“ (ესპანური სიტყვების: მამისა და ბაბუის გაერთიანება) ანუ მარკესის ბაბუას– პოლკოვნიკ ნიკოლას მარკეს იგუარანს ეხება. „გარსია მარკესს 1936 წელი კარგად ახსოვს: არა იმიტომ, რომ ნიკარაგუაში დიქტატორმა გენერალმა ანასტასიო სომოსამ რომ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება და არც იმიტომ, გენერალმა ფრანცისკო ფრანკომ ესპანეთში სამოქალაქო ომი, რომ წამოიწყო– სწორედ ამ წელს მის ცხოვრებაზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე კაცი, ბაბუამისი გარდაიცვალა.“  ლოყებღაჟღაჟა, პირმრგვალი, ხალისიანი, ცალთვალა მოხუცის გარდაცვალების შემდეგ „ჩემს ცხოვრებაში საინტერესო არარაფერი მომხდარაო“– ხშირად ამბობდა ის.

ამ მოვლენამ გაბრიელ გარსია მარკესი და არაკატაკაც გაჰყარა ერთმანეთს, მანამ, სანამ იგი კვლავ არ დაბრუნდა უკან, თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით და 1 მიზეზით: „ჩვენი სახლის გასაყიდად წამყევიო, მთხოვა დედაჩემმა. უთქმელად მივხვდი, რას გულისხმობდა: ამქვეყნად „ჩვენი“ მხოლოდ ბაბუაჩემის ძველი სახლი იყო არაკატაკაში“.

შემოქმედების არსი სწორედ რეალობასა და ნოსტალგიას შორისაა საძიებელიო– უთქვამს მარკესს. მუდმივ, მარადუხუნებელ ნოსტალგიად კი მისთვის საკუთარი წარსული, არაკატაკა და ბაბუასთან გატარებული საათები რჩებოდა, ზღაპრების შეთხზვასა თუ ნანახ ფილმებზე საუბარში გატარებული.

და ამის შემდეგ, ჩემთვისაც კი ცხადია, თუ რატომ იქცა მარკესისათვის მარტოობის თემა ამოუწურავ თემად და რატომაა მისი რეალიზმი მაგიური.

 

 

„და ნაწერი ზედა იყო განუმეორებელი დასაბამიდან და უფრო  მეტი ხანიც, ვინაიდან მას, ვისაც ასწლოვანი მარტოობა აქვს მისჯილი, აღარც მეორედ მოსვლა ეღირსება ქვეყნად“

                                   (მარტოობის 100 წელი – დასასრული)

მეგობარი მკითხველისგან

Advertisements