შესაძლოა იფიქროთ, რომ ყველა წიგნი შესანიშნავად მიმაჩნია, თუმცა ჩემი ბრალი სულაც არაა, რომ ქვეყნად უამრავი შესანიშნავი რამ დაწერილა. გამონაკლისი არ ყოფილა ჰაინრიხ ბიოლის ,,კლოუნის თვალთახედვა”, რომელიც მე, სულ რაღაც სამი დღის წინ წაკითხე. ჰაინრიხი გერმანელი მწერალი და ამავე დროს, ნობელის პრემიის ლაურეატია. მე ,,კლოუნის თვალთახედვით” პირველად მომეცა შესაძლებლობა, გავცნობოდი მის შემოქმედებას და მართლაც აღფრთოვანებული დავრჩი. პირდაპირ გეტყვით, ბიოლი, ეს არ იყო ჩემთვის დოსტოევსკი, რომელიც კითხვის დროს ერთიანად მაჯადოებს და არც ,,კლოუნის თვალთახედვა” ყოფილა დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველი”, რომლის ყველა გვერდი, ყველა სიტყვა მიყვარს და რომელიც ჩემთვის მუდამ სიკეთის და სიყვარულის, უკიდურესი ხელოვნების ჰიმნად დარჩება, თუმცა მე გამიტაცა კლოუნმა – ჰანს შნირმა. მისმა ცხოვრებამ, რომელიც ყველაფრით იყო სავსე.

ჰანს შნირს ერთხელ კითხავენ – რა კაცი ხარ შენ სინამდვილეში? ის კი უპასუხებს, – კლოუნი ვარ და წამებს ვაგროვებ. მართლაც ასეთი იყო ის. პროფესიონალი კლოუნი, ყველაზე არაპროფესიონალური რწმენით. წიგნში გადმოცემულია იმდროინდელი გერმანიის ყოფა, პროტესტანტებისა და კათოლიკეების დაპირისპირება, ებრაელებისადმი დამოკიდებულება. ეს ყველაფერი მკითხველისთვის კლოუნის სარკაზმული მოსაზრებებითაა მიწოდებული. ჰანს შნირი შესაძლოა ბევრს უხეშ კაცად მოეჩვენოს, ცინიკოსადაც კი, თუმცა მე ყოველ ახალ გვერდზე მაოცებდა მისი არგამხელილი სიკეთე, ფარული ადამიანობა და რაც ყველაზე მთავარია, სიყვარულის დაუჯერებელი უნარი. ჰანს შნირი უსაზღვროდ იყო შეყვარებუი მარიზე, რომელთანაც 6 წელი გაატარა და რომელსაც ნამდვილ მეუღლედ მიიჩნევდა.თუმცა მარი ვერ ეგუება კლოუნის კლოუნურ ბუნებას და ციუპფნერს მიყვება ცოლად. მარისა და ჰანსს შორის ურთიერთობას ის ამწვვებდა, რომ მარი კათოლიკე იყო, ჰანსი კი არაფერი. მას ერთადერთი რელიგია აქვს და ეს თავად მარია.

თქვენ აუცილებლად შეგიყვარდებათ კლოუნი. შეგიყვარდებათ მისი მცირედი დეტალებით გაზომილი და ამავდროულად უზომო სიყვარული მარისადმი. ამიტომ გირჩევთ, აუცილებლად წაიკითხოთ იგი.

ხშირადგადასაკითხავი ფრაზები

  • კლოუნი რო სმას დაიწყებს, იმაზე სწრაფად დაეშვება ძირს, ვიდრე მთვრალი მეთუნუქე გადავარდება სახურავიდან.
  • ერთი პეშვი არაყისთვის ვინც მზადაა უკანაკნელი პერანგი გაიმეტოს, იმდენი ლაპარაკის თავი არ აქვს, ასეთ გარიგებას რომ სჭირდება ხოლმე.
  • მწამს, ზოგიერთი ცოცხალი მკვდარია, ზოგიერთი მკვდარი კი ცოცხალი. მაგრამ არა იმ აზრით, როგორც ეს პროტესტანტებსა და კათოლიკეებს სწამთ.
  • დედას, როგორც ყოველთვის, ახლაც ,,არაფრის” სუნი უდიოდა, მისი ერთ-ერთი პრინციპი ღაღადებდა: ,,მაღალი წრის ქალს არავითარი სუნი არ უნდა უდიოდეს”, შეიძლება ესაა იმის მიზეზი, რომ მამაჩემს ლამაზი საყვარელი ჰყავს.
  • დიდი ხანია, რაც ადამიანებთან ფულსა და ხელოვნებაზე ლაპარაკს მოვეშვი. იქ, სადაც ფული და ხელოვნება ერთმანეთს ხვდება, საქმეს ხეირიანი პირი არ უჩანს. ხელოვანს ან აკლებენ ფულს, ან იმაზე მეტს უხდიან, ვიდრე იმსახურებს.
  • მაინც როგორ აქვთ ყველაფერი არეულ დარეული თავში ამ კათოლიკეებს, კარგ ღვინოსაც კი ვერ სვამენ ისე, რომ ტვინი არ იღრძონ, ლამის გასკდნენ, სანამ ,,შეიცნობენ” რატომ და რისთვის არის ეს ღვინო კარგი.
  • ეშმაკსაც კი არ უჭრის თვალი ისე, როგორც მეზობელს.
  • ძველი კომპოზიტორებიდან ყველაზე მეტად შოპენი და შუბერტი მიყვარს. ვიცი, ჩემი მასწავლებელი მართალი იყო, როცა მოცარტს ღვთაებრივს ეძახდა, ბეთჰოვენს განსაცვიფრებელს, გლუკს – განუმეორებელს, ბახს კი დიდებულს. ასეა, ბახი ყოველთვის ოცდაათტომიან ღვთისმეტყველებად მეჩვენება, და მაოცებს, შოპენი და შუბერტი კი მიწიერები არიან და ამიტომაც მათი მოსმენა ყვეალაფერს მირჩევია.
  • როცა ვხედავ, რა ამაოდ ცდილობს ზოგიერთი, ისე გამოიყურებოდეს, თითქოს ჩაცმას არაფრად დაგიდევს, ღრმა მელანქოლია მიპყრობს.
  • დედაჩემის ერთ-ერთ წვეულებაზე ერთი პარტიული მოღვაწე გავიცანი, რომელიც პროსტიტუციასთან ბრძოლის კომიტეტის წევრი იყო და, ამავე დროს, ჩურჩულით მეწუწუნებოდა ბონში კახპების ნაკლებობაზე.
  • -კათოლიკეები ნერვებს მიშლიან, სინდის-ნამუსი არ გააჩნიათ.

-პროტესტანტები?

-საკუთარ სინდის-ნამუსზე იმდენს მიედმოედებიან, დაგაოსებენ.

-ათეისტები?

-მოსაწყენი ხალხია, მუდამ ღმერთზე ლაპარაკობენ.

-თქვენ, თქვენ ვიღა ხართ, შნირ?

               -მე კლოუნი გახლავართ.

  • ჩემი აზრით, ამერიკელები კუდიანივით დაწვავენ კოცონზე გულკეთილ ხალხს, რომელიც ფულისა და ვნების გამო კი არ ემორჩილება მამაკაცს, არამედ იმიტომ, რომ მამაკაცის ბუნებას თანაუგრძნობს.
  • ხელოვნებაზე ისინი იღებენ ფილმს, ვინც ვან გოგის სურათში ერთ კოლოფ თამბაქოს კი არა, მხოლოდ ნახევარს გაიღებდნენ და შემდეგ იმასაც ინანებდნენ, რადგან მიხვდებოდნენ, რომ თავად მხატვარი მას ერთ საჩიბუხე თამბაქოს ფასად დათმობდა.
  • კინომუშაკებს არ აინტერესებთ ცოცხალი ხელოვანი, რადგან მოლაყბეთა სამმა თაობამ ჯერ ვერ დაარწმუნა, რომ ის გენიოსია. მოლაყბეთა ერთი თაობა მათ დასარწმუნებლად აშკარად არ ვარგა.
  • მხოლოდ ფიზიკურ სიახლოვეს უბინძურესი ლოთიც კი არ ეძებს მეძავ ქალთან.
  • ამქვეყნად ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისი თანდასწრებითაც ტირილის არ მოგერიდება.
  • უცნაურია, მაგრამ მიყვარს იმ ჯიშის სულდგმულები, მე რომ ვეკუთვნი – მიყვარს ადამიანები.
  • ქალის ხელებს იმდენი რამ შეუძლიათ გამოხატონ, რომ მათთან შედარებით მამაკაცის ხელები მხრებზე მიწებებულ ჯირკებად მეჩვენება.

 

  ნელი ამაშუკელის თარგმანი

 

 

Advertisements