ბავშვობაში, გერმანულის მასწავლებელი ხშირად გვიმეორებდა, წაიკითხეთ გოეთე, მანი, ჰაინე,ნამდვილი სასწაულიაო. გვასწავლიდა მათ ლექსებსა და მოთხრობებს, ჩვენ კი ერთიანად დაძაბუნებულნი, ამ ,,მოსაწყენ” გაკვეთილებზე, მხოლოდ იმაზე ვოცნებობდით, რაც შეიძლება მალე დაერეკა ზარს და ეს ყოველივე დასრულებულიყო… წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, ვითარება შეიცვალა და ჩემი გერმანულის მასწავლებლის დაჟინებული თხოვნებიც გაცნობიერდა. 

კარგა ხნის წინ გადავწყვიტე, რომ ამ ზაფხულს ,,ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი” წამეკითხა და ჩემი წინასაკითხავი განყობა კიდევ უფრო გააორმაგა ფაქტმა, რომ ის კონსტანტინე გამსახურდიას ჰქონია ნათარგმნი ქართულ ენაზე. ეს ნამდვილი სიურპრიზი იყო ჩემთვის.

გოეთეზე ბევრს არ ვისაუბრებ, მგონი ყველა თქვენგანს სმენია მის შესახებ. ის დაიბადა 1749 წელს, კარგი განათლება მიიღო და თავის სიცოცხლეშივე გახდა სახელმოხვეჭილი მწერალი. ალბათ ყველა თქვენგანისთვისაა ცნობილი გოეთეს სასიყვარულო ისტორიები, განსაკუთრებით კი ის, როცა ღრმად მოხუცებულ გოეთეს სკოლის მოსწავლე გოგონა შეუყვარდა. გოეთეს დრამა, ,,ფაუსტი” მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი მწვერვალია. ალბათ არ მოიძებნება მსოფლიოში ინტელექტუალი, ვისაც არ წაუკითხავს ის.

,,ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი” (გინდაც ვერთერის), მისი მთავარი გმირის, ვერთერის განცდებსა და სიყვარულზე მოგვითხრობს, იმ დღიურებისა და წერილების სახით, რასაც ვერტერი თავის მეგობარს, ვილჰელმს სწერს. ვერტერი შეყვარებულია მამზელ ლოტლენზე (ლოტე), რომელიც ალბერტზეა დანიშნული. თუმცა ვერტერისთვის ეს არ ყოფილა იმის გარანტი, რომ თავისი გრძნობები დაეთრგუნა ლოტეს მიმართ. მას უგონოდ უყვარდება ის და მზადაა ყველაფერი გაიღოს მასთან ყოფნის სანაცვლოდ. თუ რომელიმე თქვენგანი მეტისმეტად პრაგმატულად მოაზროვნეა, შესაძლოა გააღიზიანოს კიდეც ასეთმა ,,ზეაღმატებულმა წვამ”, თუმცა თუ ჩვენ მხოლოდ ამის ამოკითხვა შეგვიძლია წიგნებში და ჩვენთვის თუ მხოლოდ ეს გახდება ღირებული, შესაძლოა ,,ვეფხისტყაოსანი” ჩვეულებრივ საპნის ოპერად მივიჩნიოთ.

კვირის პალიტრის გამოცემაში წავიკითხე, რომ ეგვიპტის ექსპედიციაში მიმავალ ნაპოლეონს ,,ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი” რამდენჯერმე გადაუკითხავს პირამიდების ჩრდილში, ხოლო კონსტანტინე გამსახურდია ასე აფასებს მას: ,,როგორც ლიტერატურული ძეგლი, იგი ერთ-ერთი უმთავრესი თავკიდურთაგანია ევროპულ რომანტიკის ისტორიაში. მისი სიდიადე მარტოოდენ კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობით არ განიზომება. ყოველი ახალი თაობა ამ წიგნს ისეთივე სიყვარულით გადაიკითხავს, როგორც კითხულობდნენ მას მეთვრამეტე საუკუნეში, რადგან წმინდა პოეტური ქმნილება მარად ჭაბუკური შთაგოებით გამტფარია და ისევე უკვდავი, როგორც ქმნილება ბუნებისა.”

ხშირადგადასაკითხავი ფრაზები

ადამიანებს ნაკლები ურვა შეხვდებოდათ, განგების ნებით ისე საოცრად რომ არ იყვნენ მოწყობილნი, წარმოდგენის ძალით არ სჩვეოდეთ განვლილთა ჭირთა უკუხმობა და მოგონება, ნაცვლად იმისა, რომ შეეტკბონ ბოძებულ აწმყოს.

 

გაუგებრობა და სიზანტე ამ ქვეყნად უფრო მეტ სიავეს წარმოშობს ხოლმე, ვიდრე ბოროტება და მუხანათობა.

 

ამ წუთში ფუნჯს ვერ ვეკარები, ერთი ხაზის მოსმაც არ შემიძლია, მაგრამ არასოდეს მიგრძვნია ამაზე მეტი მხატვრული ძალის მოზღვავება ჩემს მაჯებში.

 

მე კარგად მესმის, რომ ჩვენ, ადამიანები, თანასწორნი არა ვართ და ვერც ვიქნებით ოდესმე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის, ვისაც აუცილებელ საჭიროებად მიაჩნია საკუთარი პატივმოყვარეობის დასაცავად, ეგრედ წოდებულ ბრბოსთან გამიჯვნა, ისევე გასაკიცხავია, როგორც ის მშიშარა, რომელიც მტერს ემალება, რადგან თვითონ თავის თავის იმედი არა აქვს.

 

იგი, ვინც თავმდაბლურად აღიარებს ადამიანების სწრაფვის ამაოებას და ნათლად ამჩნევს, რომ ყოველი მოქალაქე თავის ბაღჩას იმისთვის უვლის, რომ მზის შუქით დატკბეს, სწორედ იგი სდუმს. და თუმცა იგი შეზღუდულია და შებოჭვილი, გულში მაინც ატარებს ტკბილი თავისუფლების უხმო ოცნებას, სავსებით დარწმუნებული, რომ მას ყოველ წუთში შეუძლია თავისი საპყრობილიდან თავის დაღწევა.

 

რისთვის დაწესებულა ისე, რომ გენიის ნიაღვარი იშვიათად თუ ამბოხდება? – ამ ნიაღვრის ორთავ კიდეზე გულგრილი ადამიანები ცხოვრობენ. მათი წალკოტები, ველები და ნათესები უთუოდ წაირღვნებოდა და წასკდებოდა აქელებულ სტრიქონებისგან, რომ ცივ გონებას ჯებირების ზღუდეებით არ შეეკრა ნაპირი თვისნი.

 

უეჭველია, თვითმკვლელობა უფრო ადვილია, ვიდრე ცხოვრების მძიმე ჭაპანის თრევა.

 

პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის უპირატესია და ვაი იმას, ვინც პირველად თქმულს დაგაშლია და გადააკეთებს.

 

ადამიანები თვითონვე ქმიან ისეთ ატმოსფეროს, რომ ცხოვრება აუტანელი გახადონ თავისთვის და სხვებისთვისას.

 

მე მეუცხოვება ადამიანთა მოდგმა, რომელსაც არ ესმის, თუ როგორი გაუგონარი მეძაობაა ორდენებისა და ტიტულების ძებნა.

 

თავადს ხელოვნების ალღო მოეპოვება, მაგრამ უფრო უკეთ იგრძნობდა მას, მეცნიერული განსწავლა და ტრაფარეტული ტერმინოლოგია რომ არ უშლიდეს ხელს.