ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ერთი თეთრწვერა და კეთილშობილებით აღსავსე ადამიანი, სახელად თამაზ ჯოლოგუა. რამდენიმე წლის წინ, პატივი მხვდა წილად ვყოფილიყავი მისი ერთ–ერთი სტუდენტი და სწორედ მაშინ გავეცანი პირველად მიგელ დე უნამუნოს, ავტორს, რომელზედაც გადავწყვიტე ორიოდე მოკრძალებული სიტყვა მეთქვა.

832 ესე, 800–მდე სტატია, 72 მოთხრობა და 111 ლექსი ჯამში 25 წიგნად შეიკრიბა და თითოეულ მათგანს ხელს მიგელ დე უნამუნო აწერს, ავტორობის პრივილეგიით. არ ვიცი, როგორია მისი გახმაურებული „ბურუსი“, არც „დეიდა ტულა“ გამიცვნია, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ იყო დრო, როდესაც უნამუნოსეულმა ესეებმა ამიფორიაქა ფიქრები და იმის სიყვარული მასწავლა, დოჩანაშვილისა არ იყოს, დაფარვა რომ სჭირდება. წარმოუდგენელია, წაიკითხო მისი ნააზრევი, ჭეშმარიტი, რეალური, გააზრებული პატრიოტიზმით გაჯერებული და შენც არ მოგინდეს უფრო მეტად შეიყვარო შენი კუთხე და ქვეყანა, უფრო უკეთესად შეიცნო შენი მხარე… ჩემი მოსაზრებით, უნამუნო ერთ–ერთია იმ უიშვიათესი მწერლებიდან, რომელიც ყველაზე კარგად ერგება ქართველობას, ჩვენს ღირებულებებსა და ფასეულობებს. ამიტომაცაა ალბათ, რომ კითხულობ უნამუნოს ესეებს და უნაბურად გახსენდება ილია ჭავჭავაძე, სკოლაში უგერგილოდ ნასწავლი „მგზავრის წერილები“, გახსენდება ვაჟა, დოჩანაშვილი და ბოლო არ უჩანს სადავემიშვებულ ასოციაციებს. „ვგრძნობ, მაშასადამე ვარსებობ“– თქვა მან და მეც მგონია, რომ უნამუნო კი არ უნდა იკითხო, უნდა იგრძნო.

და ბოლოს, ფრაზები, რომლებიც მინუმუმ საინტერესოდ მაინც ჟღერს:

  • „ცხოვრება ბრძოლაა. ვინც ცხოვრებას აღიქვამს რაციონალურად და ლოგიკურად, იმ დასკვნამდეც მივა, რომ ცხოვრება აგონიაა, ადამიანისათვის არ არსებობს სხვა ნუგეში იმის გარდა, რომ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ჩვენს ტრაგიკულ ბრძოლაში და ეს არის სწორედ ჩვენი არსებობაც.“
  • „დასაგმობი კია ყველა, ვინც თავის თავს სხვისი მიბაძვით ძერწავს, ვინც უარს ამბობს საკუთარ თავზე, რომ გახდეს სხვა, ანუ ის, ვინც სანიმუშოდ და მისაბაძად მიაჩნია, მაგრამ, ვაი, რომ ასეთი კაცი აღარც თავისთავადი რჩება და ვეღარც ის გახდება, ვისაც ბაძავს.“
  • „მე არ შემიძლია არ გამოვხატო საკუთარი პიროვნება ჩემს ნაწერებში და რამდენადაც ყოველი ჩვენგანი წარმოადგენს საზოგადოების პროდუქტს, სადაც და რისსთვისაც ცხოვრობს, რამდენადაც ჩვენ, ყველა ეპოქის სულის განსახიერებანი ვართ, ამდენად, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ბედმა გაუღიმა და საკუთარი თავი გამოხატა თავის ნაწარმოებში, მათში გამოხატავს თავის სამშობლოსაც, დიდი იქნება თუ პატარა.“
  • „იკაროსივით სიკვდილი გიჯობს იმისთანა სიცოცხლეს ერთხელაც რომ არ სცადო აფრენა, თუნდაც ცვილის ფრთებით.“
  • „გერჩივნოს 100 აფრენილი ჩიტის დევნაში გამოგესხას ფრთები, ვინემ დარჩე მიწაზე და 1 ჩიტი შეგრჩეს ხელში.“
  • „საკუთარ თავს ნურც სხვაზე მეტად მიიჩნევ და ნურც ნაკლენად, ნურც თუნდ სხვის ტოლად, რადგან ჩვენ ადამიანები ვართ და არა ციფრები, თითოეული ჩვენთაგანი ერთადერთია და შეუცვლელი.“
  • „თუ გინდა შეიცნო და შეისწავლო შენი მახარე, შენი მშობლიური ქალაქი, თუ სოფელი, სულაც არ კმარა მარტო მის ადამიანებს, ან სულს იცნობდე, მისი სხეულიც უნდა შეიცნო, მისი ხორცი– მისი მიწა!“
  • „კარგი მკითხველი 3, 4 და 5 წიგნსაც კი ერთდროულად უნდა კითხულობდეს, ერთისაგან მეორეში რომ დაისვენოს.“

მეგობარი მკითხველისგან.