გუშინ შევნიშნე სარკმლიდან შენი

სწორუპოვარი ტანი საროსი,

რა დაგიფარო, ნამდვილად გშვენის,

ჯიქივით ჭრელი ტანისამოსი.

მახსენებს ჩვენი გაცნობის სისხამს,

მწვანეთვალება კაბა შრიალა,

და შენი ნახვით დამთბარმა სისხლმა

ტანში საამოდ გამაჟრიალა.

დამაყმაწვილა ზღაპრულმა ძალამ,

დაუმთავრებლად დავთმე წერილი,

შენდამი რიდი, შენდამი კრძალვა,

ჩამომეჟუნა ცხარე ცრემლივით.

გავაღე კარი, შეგავლე თვალი,

და ბედნიერი შორი დანახვით,

ათი წლის აქეთ, შენგანვე მთვრალი,

გავფხიზლდი, როგორც ლოთი არაყით.

გამოვედევნე ძაღლივით შენს კვალს,

რად გამახსენდა ჩვენი ფშანები,

როცა ტერფიდან გიღებდი ეკალს

და გქონდა შველის სვეი თვალები.

შეწუხებული მეკროდი, ბავშვი,

და სანამ ყრმობას დავიტირებდი,

ეჰ, ერთხელ მაინც მეკითხა მაშინ,

სამაგიეროდ რას მიპირებდი.

გეთქვა პატარას, რომ ვიღაც სულ სხვას,

დააწაფებდი უკვდავ ნაკადულს,

გიწერ წერილებს და წუთებს ვნუსხავ,

ათი წლის წინათ ღრუბლად გაფანტულს.

თუ გადამაგდებს სარკმლიდან ღამით,

სწორუპოვარი ტანი საროსი,

არ გაიძულებს ბავშვობის ჟამი,

ჩაიცვა შავი ტანისამოსი?

ოთარ ჭილაძე