ქეთევან ირემაძეს

    ეს გახსენება ახლა სულ სხვაა,

გამზირზე მოდის მაღალი ქალი,

ნეტავ ეს მისი მარაოს ხმაა,

თუ ნაღვლიანად შრიალებს ქარი?!

ჭადრებზე მთვარის ნათელი ბრწყინავს,

შესჩერებიან ცას მოკრძალებით,

აქ სეირნობდნენ დიდი ხნის წინათ,

ძველი ივერის ტურფა ქალებიც.

ქართულ კაბების იდგა შრიალი,

გულს ახარებდნენ გულის დამწველნი,

თვითონ მანანა ორბელიანი

და შემდეგ დანი ჭავჭავაძენი.

მათ ნატერფალზე ვინ მოდის ასე,

შეხეთ, ნათლად ჩანს მის წყნარ თვალებში,

რომ მათი სული და სილამაზე,

ჯერ არ ჩამქრალა ქართველ ქალებში.

იოსებ ნონეშვილი