შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,

უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი,

მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ,

რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.

შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი

გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,

გაიღოს უცებ სამოთხის კარი –

მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი.

რა ჯობს – სიმღერა თუ წყვილი ცრემლი,

სად სჯობს – მიწაზე თუ მიწის გარეთ!..

მზე – მზეზე უფრო დიდი და ცხელი,

მთვარე – მთვარეზე მაღალი მთვარე.

და ცა! – ღმერთების ცისფერი ჰოლი,

ძვლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს,

მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით –

მოდიან, მაგრამ მიდიან წამსვე:

ბოლოს და ბოლოს ერთი აქვს ბოლო

ლომსა და თუნისს, ნაძვსა და ღოლოს!

სიყვარულისთვის! ჩვენ კარგო მხოლოდ,

სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ.

უხერხულია – შენ გერქვას ცოლი –

შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,

აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი! –

მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ…

ტარიელ ჭანტურია