სათაურმა მეც საოცრად მომხიბლა. სხვათაშორის ავტორმაც. მე ახლა ჯერომ სელინჯერის მოთხრობაზე მსურს მოგითხროთ, რომელსაც ჰქვია ,,ჩემი მწვანე თვალები და ლამაზი ტუჩები”. ერთი შეხედვით, ამ მოთხრობაში თითქოს არაფერია ახალი და საინტერესო, თუმცა მის მთავარ გმირს, ართურს, რატომღაც საკუთარი თავივით გავუგე და მის მიმართ აღძრულმა სიმპათიამ უთქმელობა ვერ აიტანა. ართური ერთი ჩვეულებრივი, ეჭვიანი მამაკაცია, რომელსაც აქვს კიდეც მიზეზი, ეჭვინი იყოს, რადგან მისი ცოლი მის საკუთარ მეგობართან წევს.

ართური სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება: ის სასოწარკვეთილი ურეკავს თავის მეგობარს და ეკითხება, ხომ არ იცის დაგვიანებული ცოლის ადგილსამყოფელი, რომელიც იმ წამს, სწორედ მის საწოლშია… ართური ცდას არ აკლებს, შესაფერისი სიტყვებით გამოლანძღოს ცოლი, ჯოანა. ის თითქოს ვერც კი იტანს მას, უნდა იფიქრო, რომ ამ ამბის შემდეგ ართური სათოფეზეც აღარ გაიკარებს, მაგრამ მის ლანძღვა-გინებაში ყველა მკითხველი ამოიკითხავს უსაზღვრო სიყვარულს ცოლისადმი და შიშს, რომ მალე დაკარგავს საყვარელ, კეკლუც ჯოანას, რადგან როცა მის გაცოფებას კიდევ ერთხელ უნდა მოეკრიბა ძალა და მოღალატე ცოლი მიწასთან გაესწორებინა, შემდეგი სიტყვები ,,წამოცდა” : ,,როცა ნამდვილად გადავწყვეტ, უსათუოდ უნდა გავეყარო მეთქი, უცებ ან წვეულება გამოტყვრება, ან სადილი, წამოიცვამს თავის ოხერ თეთრ ხელთათმანებს და წამოპაკუნდება. აღარ ვიცი პირდაპირ. ან არადა მე წამომივლის ხოლმე რაიმე, ის დღე მომაგონდება, პირველად რომ გავემგზავრეთ ერთად ნიუ-ჰეივენში, პრინსტონელების თამაშზე. გავედით თუ არა ქალაქიდან, საბურავი დაგვეშვა, ჯოჯოხეთური ყინვა იდგა. სანამ მე საბურავს ვუტრიალებდი, თვითონ ჯიბის ფარანს მინათებდა. ხომ მიმიხვდი, რასაც გეუბნები. ეჰ, არ ვიცი… ან არადა… დალახვროს ღმერთმა, ცოტა უხერხული კია, მაგრამ… ის ოხერი ლექსი გამახსენდება, მე რომ გავუგზავნე, პირველად როცა გავიცანით ერთმანეთი. ,,ჩემი მწვანე თვალები და ლამაზი ტუჩები”. ღმერთო ჩემო, რამდენს გავიხსენებდი ამ სტრიქონებს, ისიც მომაგონდებოდა. თუმცა სულაც არ აქვს მწვანე თვალები. ზღვის ნიჟარებს უფრო მიუგავს…”