რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ,

ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა.

მიხარია, რომ დამტოვეს მარტო,

ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც.

რა ვქნა, ისევ შურია და მტრობა,

ალბათ ქარი გადაუვლის მაღლობს.

ასე მარტო მიხრია ყოფნა,

როცა თავს ვგრძნობ მე სიკვდილთან ახლოს.

როგორც ქრისტე ვიხედები მაღლა,

ალბათ ჩემთვის ამზადებენ კუბოს,

მინდა ფრთები და მიწიდან გასვლა

და გაფრენის სურვილია უფრო.

უფსკრულია და უფსკრულში ვრჩები

და ახლოა ქარიშხალი ისევ.

სიჩუმეა და ვსაუბრობ ჩემთვის,

მე ვსაუბრობ და კედლები მისმენს.

ახლაც დაჰქრის, არ ეშველა ქარებს

და კიდია შორს მდუმარე ზარი.

მინდა ავდგე, გავიხედო გარეთ

და გავაღო დაკეტილი კარი.

ყრუ ღამეა, მეშინია ოდნავ,

ალბათ მოვა ჯიბგირი ან ქურდი.

ალბათ ცაზე ღრუბელია ცოტა,

ალბათ მოჩანს ვარსკვლავების გუნდი.

ისევ მოდის ჩემს გულიდან წყრომა,

ოდეს წვიმა დაეცემა მინას.

და მე რა ვქნა, შეზღუდული რომ ვარ,

რა ვქნა, მეტი გასაქანი მინდა.

იმ ოთახში გასაქანი რეკავს

და ეს გული უცნაურად იწვის.

ახლა მინდა ვარსებობდე ყველგან,

მთელ მსოფლიოს რომ დავიპყრობ ვიცი.

ღამის ლანდი მე ფანჯრიდან ვნახე,

ღამის ცეცხლი ეკიდება თვალებს.

და ძვირფასო, ჩემს ბრწყინვალე სახელს,

ვგრძნობ, მსოფლიო აღიარებს მალე.

რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ,

ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა.

მიხარია, რომ დამტოვეს მარტო,

ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც.

ტერენტი გრანელი