,,სულო, ნუ ელტვი მარადიულ სიცოცხლეს, რისი ძალიც გაქვს, შეეცადე ის ამოწურო.“

პინდარეს ,,პითიური სიმღერებიდან“

ალბერ კამიუ (1913-1960) ფრანგული ეგზისტენციალიზმის ბრწყინვალე წარმომადგენელი, პროზაიკოსი, დრამატურგი და ესსეისტია. წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, რომ მისმა საყოველთად აღიარებულმა ნაწარმოებებმა ალბერ კამიუს ნობელის პრემია მოაპოვებინა და ომისშემდგომი თაობების აზრთამპყრობელი უწოდა.

ალბერ კამიუს ესსე ,,სიქიფეს მითი“, ეს არის ესსე აბსურდის შესახებ,  რომელიც ფრანგული ენიდან ნესტან იორდანიშვილმა თარგმნა. კამიუმ ესსე პასკალ პიას მიუძღვნა, რომელიც მისი მეგობარი იყო.

რადგან ,,სიზიფეს მითი“ საკმაოდ რთული ნაწარმოებია და ის რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი, გადავწყვიტე, ყველა ნაწილს მივუძღვნა ერთი პოსტი და არ გავაერთიანო ისინი. ვფიქრობ, ასე შესაძლებელი იქნება, უკეთ გადმოვცე ესსეს მთავარი სათქმელი.

ალბერ კამიუ თვითმკვლელობას სერიოზულ ფილოსოფიურ პრობლემად აღიქვამს და სვამს კითხვას: ,,სიცოცხლე განა ღირს იმად, რომ ბოლომდე გალიოს კაცმა?“  ამ კითხვაზე პასუხი კამიუსთვის უმნიშვნელვანესია, მეტიც, ის მიიჩნევს, რომ ჭეშმარიტმა ფილოსოფოსმა, პირველ რიგში, ეს ფილოსოფიური პრობლემა უნდა გადაჭრას და შემდგომ შეიცნოს სამყაროსა და გონების განზომილებები.

ალბათ გაგიკვირდებათ იმის გაგება, რომ კამიუსთვის თვითმკვლელობის პრობლემა უპირატესია. მისთვის რომ გეკითხათ, რატომაა ფილოსოფოსისთვის აუცილებელი, მაინცდამაინც თვითმკვლელობის არსს ჩასწვდეს, როცა სამყარო ასეთი ამოუცნობი და საინტერესოა, ის გიპასუხებდათ: ,,ეს კითხვა სამოქმედოთ აღგვძრავს. ჩემს დღეში არ მინახავს, ვინმე ონტოლოგიური არგუმენტებისთვის მომკვდარიყოს. გალილეიმ, უმნიშვნელოვანესი მეცნიერული ჭეშმარიტება რომ მოიპოვა, სულ იოლად უარყო იგი, როგორც კი ეს ჭეშმარიტება მის სიცოცხლეს დაემუქრა, რადგან ეს ჭეშმარიტება კოცონზე ასვლად არ ღირდა. რა მნიშვნელობა აქვს, დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, თუ მზე დედამიწისა? სიმართლე თუ გნებავთ, ეს ფუჭი კითხვა გახლავთ. სამაგიეროდ, კარგად ვხედავ, რომ ბევრი კვდება, რაკი მიაჩნია, რომ ცხოვრება არ ღირს იმად, რომ ბოლომდე მისი ჭაპანი სწიო.“

ალბერ კამიუსთვის, სიცოცხლის საკითხია ყველა საკითხზე გადაუდებელი და არც იმ ადამიანებისა ესმის, რომლებიც ილუზიებსა და იდეებს აკვლევინებენ თავს – ,, რასაც სიცოცხლის მიზანს ვუწოდებთ, შეიძლება სასიკვდილოდაც საუცხოო მიზეზად გამოდგეს.“

ალბერ კამიუ, დიურკემისგან მკვეთრად განსხვავებით, თვითმკვლელობას არ მიიჩნევდა, როგორც სოციალურ ფენომენს და ამბობდა, რომ ,,ამგვარი ჟესტი გულის მდუმარებაში მზადდება ხოლმე. საზოგადოებას ამ ბრძოლაში მაინცდამაინც დიდი როლი არ განეკუთვნება.“

რა შეიძლება იყოს თვითმკვლელობის მიზანი? – კამიუსთვის ,,თავის მოსაკლავად აუარება მიზეზი არსებობს და ყველაზე თვალში საცემი ყველაზე გადამწყვეტი როდია“, ანუ, შესაძლოა ადამიანმა თავი სულაც არ მოიკლის იმისათვის, რომ შვილი დაკარგა, მაგრამ ეს ჩაიდინოს მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობარი მკაცრი ტონით ესაუბრა.

აბსურდის გრძნობა განხეთქილებაა კაცსა და სიცოცხლეს შორის. კამიუს თანახმად, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ თვითმკვლელობა და არყოფნისკენ ლტოლვა, პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. სწორედ ეს კავშირია ,,სიზიფეს მითის“ საგანიც. ეს არის კავშირის გამოვლენა აბსურდსა და თვითმკვლელობას შორის და კვლევა იმისა, ,,რა ზომამდეა თვითმკვლელობა აბსურდიდან გამოსავალი“.

თუმცა იმის აღიარება, რომ საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში ხარ და სიცოცხლე აბსურდად დაგისახავს, არ კმარა ისეთი ნაბიჯის გადასადგმელად, როგორიც თვითმკვლელობაა – სწორედ ამიტომ ითვლება ეს ყველაზე რთულ და აუხსნელ კითხვად, რადგან აქ საქმე მხოლოდ იდეოლოგიასა და ლოგიკასთან კი არა, ჩვენს ფიზიოლოგიასთან, ლტოლვებთან, გაუცნობიერებელ სურვილებთან და გამბედაობასთან გვაქვს. კამიუს მაგალითისთვის ის მოაზროვნეები მოჰყავს, რომელთაც  მთელი სიცოცხლე გაატარეს იმის მტკიცებაში, რაოდენ აბსურდია ჩვენი ყოფა თუმცა ,,კირილოვის გარდა, რომელიც ლიტერატურას ეკუთვნის, პერეგრინოს გარდა, რომელიც ლეგენდის შვილია და ჟიულ ლეკიეს გარდა, ჰიპოთეზას რომ ამოწმებდა, არავინ მიჰყოლია თავის ლოგიკას იქამდე, რომ საკუთარ სიცოცხლეზე ხელი აღემართა“. 

საბოლოო ჯამში, შემიძლია გითხრათ, რომ სულაც არ არის კავშირი სიცოცხლის აზრის დაკარგვასა და მასზე ხელაღებას შორის. თვითმკვლელობა არც გამბედაობაა, არც განსაკუთრებული ტრაგიზმით გამოწვეული სვლა, არც სისუსტე და მით უმეთეს, არც ძალა. თუ ადამიანისთვის სიცოცხლე აბსურდად ქცეულა, მაგრამ მაინც უნატრია ის, სწორედ იმიტომ, რომ ,,ცხოვრებას მანამ ვეჩვევით, ვიდრე ფიქრს ვისწავლიდეთ“.