წიგნი სახელწოდებით “ჭამე, ილოცე, შეიყვარე” ეკუთვნის ვინმე ამერიკელ მწერალ ელიზაბეტ გილბერტს, სადაც ის მოგვითხრობს იმ გზაზე, რომელიც გაიარა იტალიიდან, ინდოეთამდე საკუთარი თავის შესაცნობად.  2010 წელს რაიან მერფმა შექმნა ამ წიგნის ეკრანიზაცია  და გამოვიდა მშვენიერი ფილმი ასევე მშვენიერი მსახიობების, ჯულია რობერთსის, ხავიერ ბარდემისა და ჯეიმს ფრანკოს მონაწილეობით.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა, თანამედროვე ქალზე, რომელსაც ერთი შეხედვით ყველაფერი აქვს იმისათვის რომ ბედნიერებით დატკბეს, ფული, ოჯახი, კარიერა… მაგრამ “ადამიანებს უყვარდებათ, ისინი 20 ჯერ ქორწინდებიან, აწყობენ სახლს, არემონტებენ სამზარეულოს, შემდეგ კი, უცებ რაღაც სხვა უნდებათ, უფრო მეტი, ისინი ძირს ეცემიან და იტანჯებიან, მერე ისევ დგებიან და თავიანთ საწყალ გულებს გონებას უნაცვლებენ”.  ელიზაბეტი კი გულის კარნახით იწყებს ახალ ცხოვრებას.

ჯერ იტალია, იტალიური ენა, პიცა, რომაული არქიტექტურა, მოხდენილი და სიმპათიური იტალიელები…. შემდგომ ინდოეთი, მედიტაცია, გურუ, ახალი აღმოჩენები… და შენც, მაყურებელს გაქვს განცდა იმისა, რომ ელიზაბეტთან ერთად აკეთებ ახალ აღმოჩენებს, მასთან ერთად სწავლობ იმას, თუ როგორ გამოითქმის სიტყვა “attraversiamo”, შესაძლოა საოცარი სანელებლებით გაჯერებული სპაგეტის სურნელიც კი იგრძნოთ…

ფილმის დასასრული სწორედ ისეთია, როგორიც მხიარულ, სასიამოვნო, რომანტიულ ფილმს შეეფერება, თუმცა, ვეჭვობ, რომ მასში უფრო მეტად სულ სხვა დეტალები მოგხიბლავთ, ვიდრე მთლიანი შინაარსი ან დასასრულია.

 

მეგობარი მკითხველისგან

Advertisements