news_54

მაინც რა ხსენით გამწურე,

ქართული მიწის ჯიქანო,

რომ ის ავრეხი არა ვარ, სუყველამ თითი მიქანოს…

რომ ის ლერდანი არა ვარ, ის ფოთქოვანი ფუღურო,

ყველა წალდიან-უწალდოს თვალში და ზურგში ვუყურო…

რომ მხრებზე გადავიქნიო შოლტიც და ფურთხიც ურიცხვი,

ხელმწიფეს ჯილდო ვეღრიჯო სამშობლოს სამსახურისთვის.

გავხედავ ძველ სახუნდარებს, როგორც უხდება მოისარს,

სადაც კნუტები კნავიან, იქ დვრინს რა უნდა ლომისას.

ვარ მჭევრი ჭირისუფალი დროთა ზართა და ზეიმთა,

ქვევიდან არც ვინ მიყურებს, არც ვინ დამხედავს ზევიდან.

ვერც დაყვავებით დამღლიან, ვერ ამიღებენ აკლებით,

ყველა ეზოში ყოველთვის იჩოქებს მხოლოდ აქლემი.

შენც ჩემო მზეო, ბრდღვიალავ, მობრძანებულხარ, გელოდი!

სარფიდან დარიალამდე შევძრულვარ საქართველოთი.

Advertisements