il_570xN.98586179

                                                    ზურაბ გორგილაძე

წავა მტერიც და მოყვარეც,

და სიყვარულიც წავა,

აქ მხოლოდ ხსოვნა დარჩება,

ლოდი დარჩება, ძამა.

ბედნიერების გამრიგემ,

ყველა ჩუმჩუმად შხამა,

აქ მხოლოდ გაჩუქებული,

გული დარჩება, ძამა.

შენ მაბრიყვებდი გეგონა?

შენ, მოქცეული წამად?

მებრალებოდი, ძამია,

მეცოდებოდი, ძამა.

დასჯილი სიკეთისათვის,

სულ ვაგროვებდი წამალს,

ვერაგობამ და ლიქნობამ,

ვის რა შესძინა ძამა.

შენ როგორც გინდა, ისე თქვი,

სმად ხარხარებ თუ ჭამად,

სიძულვილს, ისევ ჩერჩეტი,

სიყვარული სჯობს, ძამა.

კაი ყმის ქუდი გეხუროს,

კაი ყმის მოგცეს ძალა,

საქართველოში ლექსებით,

ვის გააკვირვებ, – ძამა!!!

Advertisements