(ასი სიტყვა)

8692902737_77dc998b07_zსოფელს შენს უბეში გამოზრდილი  კნუტების სუნი ასდის. გასაჩუქებლად  მათ ვერასოდეს იმეტებ და შენს წილ მჭადსა და რძეს უყოფ (თანაბრად). ხალხს რომ ჰკითხო – „რას არ აიჩემებს მოხუცი“-ო.

 

შობის ღამეა.

შენ წახვედი. (წერილი მოვიდა).

უბრალოდ. მარტივად.

 

შენს საფლავზე  ჩამოსულს, ტალახში შეზელილი თოვლიანი ეზო და სიცივეში გადაცმული სოფელი დამხვდა. (რას გაუგებ იმერულ ზამთარს, როცა გგონია “გზა გაიგნო”-ო, მეზობლის ჭირვეული ბავშვივით, კარს მოგეტმასნება). მშიერი კნუტები ფეხებში მედება. ახლაღა ვხვდები,  ყველა წითურია (როგორც მე). ზამთრის უჩემო დღეებს გითბობდნენ…

ვტოვებ შენს დაქვრივებულ სახლს. ერთი ხელით საფლავის მიწა მომაქვს, მეორეთი კი – შენი ვერდამალული სიყვარული – პატარა კნუტი მომყავს. შენ ახლა ჩემი ორივე ხელი ხარ. ჩემს ხელისგულებში შეგუბებული ტკივილი.

Advertisements