Stefan Zweig თუ 2-3 თავისუფალი საათი გაქვთ და არც იცით, რაში დახარჯოთ, შეგიძლიათ „უცნობი ქალის წერილებo” წაიკითხოთ. ეს პაწაწინა რომანი თითქმის ყველა საიტზე დევს და მისი მიგნება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.
თუ თქვენ რომანტიკოსი მოზარდი ბრძანდებით, თანაც შეყვარებული, ან სიყვარულის მაძიებელი, ეს წიგნი ზედგამოჭრილია იმისთივის, რომ ცრემლი ღვაროთ და ნამდვილი სიყვარულის არსებობისა ირწმუნოთ.

ხოლო თუ უკვე ასაკი საშუალებას აღარ გაძლევთ ბრმად შეყვარებული ქალბატონის ჭირ-ვარამი გაიზიაროთ, ალბათ, დიდად არ მოიხიბლებით. თუმცა, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მომბაძოთ და წაიკითხოთ არა შეყვარებული ქალის, არამედ ცვაიგის მონათხრობი. რომელიც, მიუხედავად ესოდენ ღრმა პათოსისა, ხარისხიანი ნაწარმოებია და ზედმეტი ნამდვილად არასოდეს იქნება.

“უცნობი ქალის წერილებში“ ასახულია შეყვარებული ქალბატონის ტრაგიკული ისტორია. მას ბავშვობიდან უყვარდა ერთი მამაკაცი, რომელიც ვერც კი ამჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების გარკვეულ ფაზებში მათ ჰქონდათ სექსუალური კავშირი, მამაკაცი ვერაფრით იხსენებდა, რომ ეს ქალბატონი მისთვის ნაცნობი იყო და ჯერ კიდევ სულ პაწაწინა გოგონა, გამუდმებით მის ირგვლივ ტრიალებდა. ცვაიგი ამ მოვლენას შემდეგი სიტყვებით ხსნის: „გოგონას ან ქალის სახე მამაკაცის თვალში – ეს არის რაღაც უსასრულოდ ცვალებადი, ვინაიდან იგი ხშირად მარტოოდენ სარკეს წარმოადგენს, რომელშიც ხან ვნება, ხან ბავშვური გულუბრყვილობა, ხან კი დაღლილობა გამოჩნდება ხოლმე. ამიტომ მამაკაცმა ადვილად შეიძლება ქალის სახე ვერ შეიცნოს.“
შეყვარებული ქალის სიყვარულის სიმბოლოს თეთრი ვარდები წარმოადგენდა, რომელსაც ის ყოველ დაბადების დღეს უგზავნიდა თავის ერთადერთ სიყვარულს.
თეთრი ვარდებითა და, ვიტყოდი, გადაჭარბებული სიყვარულით სავსე რომანი ცალმხრივი იყო ყოველთვის და ასეთივე სახე შეინარჩუნა.

Advertisements